LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენა კიდურები 4 სანტიმეტრით აქვს დაწვრილებული: დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაჰყავთ

143
dekanozi

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მსჯავრდებულის გადაყვანა „ნიუჰოსპიტალში“ იგეგმება, სადაც მას კვლევები და მკურნალობა ჩაუტარდება.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე „ფორტუნასთან“ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

წელიწადი და რვა თვეა მას გადაადგილება არ შეუძლია. მარჯვენა კიდურები პარალიზებური აქვს. მარჯვენა კიდურები მარცხენასთან შედარებით საგრძნობლად, 4 სანტიმეტრით აქვს დაწვრილებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. საჭირო გახდა მისი გადმოყვანა საქალაქო კლინიკაში და გამოკვლევა. დიდი ალბათობით მას სამოქალაქო კლინიკაში დატოვებენ. ციხის საავადმყოფოში მისი მკურნალობა ფიზიკურად ვერ ხერხდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნდა დასკვნა, სადაც ეწერა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ანუ ის არ იყო ისე ავად, როგორც თავს გვაჩვენებდა.

მესმის რასაც ამბობთ… სულ ჩატარებულია 4 ექსპერტიზა. მათ შორის სამში საუბარია ჩემი ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. რატომღაც სახელმწიფომ არა სამხარაულის ექსპერტიზას, არამედ რაღაც შპს-ს მიმართა, სადაც ცდომილებები იყო. მათ შორის არ იცოდნენ, თუ რა მუხლით იჯდა ჩემი ძმა. მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ დასკვნის შემდეგ გამოიკითხა ციხის ადმინისტრაციის ექიმები. უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, რომელთა უშუალო მეთვალყურების ქვეშ იყო ჩემი ძმა. ექიმები ჩემი ძმის მძიმე მდგომარეობას ადასტურებდნენ და ითხოვდნენ, გადმოეყვანათ საქალაქო კლინიკაში, რადგანაც ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ ჩემი ძმის გამოჯანმრთელობას.|
თუ სწორად გახსოვთ, ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა სიმულიანტობდა, პირველად გაავრცელა საპატრიარქომ. საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ამბობდა, რომ ჩემი ძმა სიმულიანტობდა. ეს ყველაფერი მიმართული იყო ჩემი ძმის დისკრედიტაციისთვის.

დაახლოებით ერთი წლის წინ თქვენმა ძმამ ოთხ მეუფეს გამოუგზავნა წერილი. მეუფეები ამბობდნენ, რომ მის წერილს გაასაჯაროვებდნენ. სკანდალური წერილის შინაარსი დაახლოებით ვიცით, მაგრამ ის ჯერ რატომ არ გასაჯაროვდა?

მან წერილი გამოუგზავნა მეუფე დიმიტრის, მეუფე პეტრეს, მეუფე ანდრეას და მეუფე დავითს. შეგიძლიათ, მათ ამ წერილის გასაჯაროვება სთხოვოთ.

წერილი ამ დრომდე რომ არა გასაჯაროვებულა, თქვენი აზრით, ეს რაზე მიუთითებს?

წერილთან დაკავშირებით მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა პრესკონფერენცია და  თქვა, რომ ჩემი ძმისგან მიიღო მძიმე წერილი, რომელსაც წმინდა სინოდის სხდომაზე გაიტანდა და აპირებდა მის განხილვას. თქვენ კარგად ხედავთ, რომ წელიწადი და სამი თვე არის გასული და მისი განხილვა არსად არ მომხდარა. რა შინაარსის წერილია და მისი რატომ ეშინიათ, დასკვნა საზოგადოებამ გააკეთოს. მეუფე პირობას რომ დებდა და ვერ გააქვს ვერსად განსახილველად, ეს რაზეც მიუთითებს, დასკვნა თავად გააკეთეთ.

გაქვთ იმედი, რომ საქმე თქვენი ძმის სასიკეთოდ შეიცვლება?

აუცილებლად. სამართლიანობის იმედი აუცილებლად მაქვს. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ და პირები, რომლებიც ამ საქმის უკან დგანან, გამოაშკარავდებიან.

 

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა ის სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა. საქმის სირთულის გამო მისი შეწყალება ვერ გაბედა ვერც მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები