მარნეულის სოფელ მეორე ქესალოში, ორ პირს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
რადიო “მარნეულის” ცნობით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება 14 ივლისს მოხდა.
როგორც ადგილობრივ მედიასთან სოფელ კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ასიფ იუზბაშოვმა განაცხადა, გარდაცვლილი და მკვლელი შორეული ნათესავები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დავამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის კაცია, ის 50 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. დაჭრილი რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული პირი დააკავეს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
