LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maroon 5 ბათუმში 24-კაციანი პერსონალით ჩამოდის – როგორ მიმდინარეობს კონცერტის სამზადისი

163

პოპ-ჯგუფი „Maroon 5“ 7 ივნისს, ბათუმის „ანბანის“ კოშკთან, „საოცრებათა პარკში“ ქართველი თაყვანისმცემლებისთვის საოცარ კონცერტს ჩაატარებს. Tkt.ge-ს ინფორმაციით, 38 500 ბილეთიდან, გაყიდულია 32 500, შესაბამისად, დარჩენილია 6000 ბილეთი, მხოლოდ 40-ლარიანი. სხვა ფასის ბილეთები რეკორდული სისწრაფით, ბილეთების საიტზე განთავსების პირველივე საათებში გაიყიდა.

რობი უილიამსის კონცერტის შემდეგ, ტექნიკურმა ჯგუფმა, რომლებიც უცხოელი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ბათუმში გადაინაცვლეს, სადაც უკვე დაიწყო სცენის აწყობა „Maroon 5“-ის კონცერტზე.

კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეკა კუპრეიშვილი „ფორტუნას“ სამზადისის დეტალებს უმხელს.

ეკა:

აპარატურა უკვე ბათუმშია გადატანილი. ჩვენი პარტნიორია კომპანია „დიზაინ გრუპი“, ისრაელიდან. ისინი ასეთ დიდ კონცერტებზე მუშაობენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამ სფეროში. ამ კონცერტისთვის განათება და აპარატურა კიდევ დაემატა და თბილისიდან, სადაც რობი უილიამსის კონცერტი გაიმართა, ბათუმში გადაინაცვლა. ვაკმაყოფილებთ აბსოლუტურად ყველა ტექნიკურ მოთხოვნას.

რაც შეეხება სხვა ტიპის მოთხოვნებს – სხვათა შორის, ჯგუფის წევრებს არანაირი ვარსკვლავური მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. ბათუმში ინფრასტრუქტურა მზადაა იმისთვის, რომ ტოპკლასის ვარსკვლავებს უმასპინძლოს, ასე რომ, არც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაგვიჭირდება. არჩეულია რამდენიმე სასტუმრო, სადაც შეიძლება გაჩერდნენ ჯგუფის წევრები და მათი დელეგაცია, სულ 24 ადამიანი, მათ შორისაა ტექნიკური პერსონალიც.

რაიმე განსაკუთრებული კვების რაციონია შერჩეული? მაგალითად, რობი უილიამსს, ვიცით, რომ დიეტური საკვები სურდა.

 ზოგადად, ყველა უცხოელი და გამორჩეულად, მუსიკოსები, ჯანსაღ კვებას ანიჭებენ უპირატესობას. რობისაც არ ჰქონია დიეტის შესაბამისი კვების რაციონი. უბრალოდ, ყველა მათგანი ითხოვს ორთქლზე დამზადებულ თევზეულს, რაც შეიძლება, მეტ მწვანეს საკვებს და ა.შ.

კულისებს თქვენ აწყობთ?

კულისებს ქართული მხარე აწყობს, „ანბანის“ კოშკის უკანა მხარეს იქნება საგრიმიორო ოთახები. აქაც არის სტანდარტული მოთხოვნები, აუცილებლად უნდა იყოს სარკე და რბილი ავეჯი.

ჟურნალისტებს შეხვდებიან?

ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ერთი ან ორი დღით ადრე ჩამოვლენ, ეს თარიღიც დაზუსტდება და მედიას შევატყობინებთ, ექნებათ თუ არა ჯგუფის წევრებთან გასაუბრების საშუალება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g