LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტივია: არის შავი და თეთრი – თქვენი იმედი მაქვს, არ უნდა დანებდეთ, არ უნდა დაიღალოთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ იმიტომ, რომ თქვენში საოცარ სიყვარულს ვხედავ“ – ილიკო სუხიშვილი ახალგაზრდა თაობას მიმართავს

1835
ილიკო სუხიშვილი

სამოქალაქო მოძრაობა – „აირჩიე ევროპას“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა ახალგაზრდა თაობას მიმართა და სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სიყვარულისთვის, ასევე ბრძოლისუნარიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ილიკო სუხიშვილმა მისი თაობის განვლილ გზაზეც ისაუბრა და ამავე კონტექსტში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. მანვე Gen Z თაობას უთხრა, რომ ახლა ისინი არიან მომავლის იმედი, რადგან არ ნებდებიან და სწორედ ამის გამო არასდროს წააგებენ:

სუხიშვილები: „დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას… ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

„ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანია ის, რომ მე დღეს მესმის, თქვენ ხართ მართლა იმედი. თქვენი თაობა „ჯენზი“, არ ნებდებით, თქვენ არასდროს წააგებთ იმიტომ, რომ თქვენში იმხელა შინაგანი მუხტი დევს, ეს ყველამ დავინახეთ.

გამახსენდა ჩემი თაობის, 9 აპრილის პერიოდი, რაც იყო, ის საშინელი დღეები, როდესაც მახინჯი მილიციის ფორმაში ჩაცმული, ჩვენი მილიციელები ხალხის მხარეზე იდგნენ და იქიდან ჩვენი ახალგაზრდები გამოჰყავდათ. აქეთ მხარეს იდგა „მერვე პოლკი“, ასე ერქვა, რომლებიც ნიჩბებით გვეომებოდა და გვხოცავდა, გვანადგურებდა.

ასეთი გაყოფა მაშინ პირველად დავინახე, მივხვდი რომ ჩვენი ქვეყანა – საქართველო აქეთ დგას და რაღაცა ის შავი ძალა… დავინახე, რომ რაღაც გაიყო. ჩემი თაობა და ის, ვინც ამას მოესწრო, ძაან რთულია, რომ დღეს რამე გააკეთოს.

ესენი, ვინც ამაში არასდროს ყოფილან, არ უსწავლიათ ამ საბჭოთა სკოლაში, არ კეთებიათ ეს პიონერის ყელსახვევი და ეს ტვინში არ აქვთ, ძაან რთულია… ჩვენ ეს იმდენად ჩამჯდარი გვაქვს ქვეცნობიერად, რა გვიქნეს ხო? კიდევ რომ რაღაცას ვაზროვნებთ, მადლობა შეიძლება ვთქვათ.

ესენი [ახალი თაობა] არიან ჩვენი მომავალი, ჩვენი გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპა გვინდა და ამ სიკეთისკენ მივდივართ, მაგრამ დაფიქრდით როგორ სჭირდება ევროპას საქართველო.

რომ შევადაროთ ორი კულტურა, მათი ცნობილი კომპოზიტორების ძაან ზუსტად ჩაწერილი პარტიტურები, რომლებიც მსოფლიო შედევრებია და ჩვენი მრავალხმოვანი სიმღერა, იმპროვიზებული, გულიდან ამოსული, რომელიც იმხელა მუხტს და ენერგიას გამოსცემს. აი ეს სინთეზი, თუნდაც კლასიკური ბალეტი, დანომრილი მოძრაობები, ილეთები, ძალიან ზუსტი, მეცნიერებასავით ხელოვნებაა და ჩვენი ქართული, ლაღი, იმპროვიზებული როკვა.

ჩემი მხრიდან რომ შევხედო, ეს ორი კულტურის სინთეზი, უკვე ძაან მნიშვნელოვანია, ეს ერთმანეთს ავსებს და მე იმედი მაქვს, რომ ყველა დონეზე შეავსებს. თქვენი იმედი მაქვს, არ უნდა დანებდეთ, არ უნდა დაიღალოთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ იმიტომ, რომ თქვენში საოცარ სიყვარულს ვხედავ. ისე გიყვართ ქვეყანა, ასე გულწრფელად, ამის უკან მხოლოდ და მხოლოდ ეს დგას – ერთი ქვეყნის სიყვარული და გადარჩენა.

აქ არის ორი ვარიანტი, ძაან მარტივია: არის ერთი შავი და თეთრი. აქ ბევრი ითქვა და რა უნდა დავამატო, ძალიან დიდი მადლობა ამ შეგნებისთვის, თქვენი დიდი იმედი მაქვს და ყველაფერში თქვენს გვერდში ვიდგები, მადლობა.“ – თქვა ილიკო სუხიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g