მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6%, ხოლო პირველი კვარტლის ზრდამ 4,7% შეადგინა, – ამის შესახებ “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მარტში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა მშენებლობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში. ამასთან, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის მიმართულებით.
„რაც შეეხება დარგობრივ ანალიზს, წინა პერიოდისგან განსხვავებული და საინტერესო სურათი გვაქვს. უძრავი ქონებით ოპერაციების და მომხმარებლისთვის მომსახურების სექტორში ზრდა უკავშირდება კომპიუტერულ, სარეკლამო, ბუღალტრულ, საინჟინრო, არქიტექტურულ მომსახურებას. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორში ზრდა განაპირობა აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვის მატებამ. ტრანსპორტის დარგში ზრდის მიზეზია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასა და გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობების გააქტიურება.
მშენებლობის სექტორში შემცირების მიზეზია სამშენებლო პროექტების მოცულობის შემცირება, შენობების საერთო მოცულობის, მაგისტრალური მილსადენების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ბოძების მიმართულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ მარტში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების ზრდა დაფიქსირდა, რაც საშუალოვადიან პერიოდში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. სამშენებლო სექტორი კავშირშია სამთომოპოვებით სექტორთან, შესაბამისად, ამ სექტორშიც კლება დაფიქსირდა”,-განმარტა თოდრაძემ.
მან საგარეო ვაჭრობის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა.