მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ერთეული ავტომობილი დაემატა – ამ თემაზე გადაცემაში სახალხო პლატფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა ისაუბრა.
რამდენ რეგიონში გადანაწილდება ავტომანქანები?
მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ერთეული ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება. 45 ახალი ავტომობილის შეძენა უზრუნველყოფს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამსვლელი კანდიდატებისთვის დამატებითი ადგილების გამოყოფას.
როგორც ვიცი, დაბა მესტიაში ამ დროისთვის მობილური ჯგუფი მუშაობს, რომელიც მოსახლეობას სხვადასხვა სერვისების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას…
22 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება და მიაწვდის შემდეგი სახის სერვისებს: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები; იარაღთან დაკავშირებული სერვისები; ცნობების გაცემასთან დაკავშირებული სერვისები; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობასთან დაკავშირებული სერვისები, გარდა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა.
რა ვითარებაა სატვირთო და სამგზავრო კატეგორიებისთვის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით?
2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების სატვირთო და სამგზავრო კატეგორიებისთვის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპი ამოქმედდება. დანერგილ შეფასებათა სისტემას ემატება დამატებითი კითხვები, რომლებიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმების საკითხებს.