ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციამ, რომელიც სპორტის რამდენიმე სახეობას აერთიანებს, მსოფლიოს მას-რესლინგის ფედერაციასთან შეთანხმებას მიაღწია, რათა სპორტული ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის დამზადება საქართველოში განხორციელდეს.
”მსოფლიოს მასშტაბით ამ სპორტში გაერთიანებულია 40- მდე ფედერაცია და ჩვენი მიზანია, სწორედ რომ საქართველოში დამზადებული სპორტული პროდუქცია მიეწოდოთ მათ. ამ ეტაპზე მივმართეთ რამდენიმე სამკერვალოს, რათა ჩვენივე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ნიმუშები მოგვაწოდონ. საბოლოო ჯამში, გვინდა რომ ყველა დაინტერესებული საწარმოდან მივიღოთ შემოთავაზებები და შემდეგ უკვე ვუშუამდგომლოთ მსოფლიო ფედერაციას ამ საამქროსთან, თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით”,- განაცხადეს ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრიორიტეტია სპეციალური შორტები, როგორც მამაკაცებისათვის ასევე ქალებისათვის და სპორტული ფესხაცმელები. დაგეგმილია სპორტული მაისურებისა და ეროვნული ნაკრებების სპორტული კოსტიუმების დამზადებაც.
”ამასთან, სპორტის ამ სახეობაში ჩვენმა ფედერაციამ უკვე დაამზადა სპეციალური სავარჯიშო ინვენტარი, რომელიც დაპატენტდება საქართველოში და შემდეგ უკვე სერიული წარმოებისათვის, ასევე მოხდება შესაბამის რკინის კონსტრუქციების დამამზადებელი საამქროს მოძიება”, – განმარტეს ფედერაციაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 21-25 ივლისს მას-რესლინგში ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს 25-ზე მეტი ქვეყანა. ”ეს ღონისძიება კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს საქართველოში შესაბამისი სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოების საჭიროებას და მომგებიანობას როგორც ჩვენი ეროვნული ფედერაციისათვის, ასევე ამ სპორტში ჩაბმული სხვა ქვეყნების სპორტსმენებისა და ორგანიზატორებისატთვის. ვფიქრობთ, საქართველო ლოჯისტიკის კუთხით, ისევე როგორც წარმოების, საკმაოდ მომგებიან პოზიციაშია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში”, – აღნიშნეს ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციაში.