გამოცდილი პენსილვანიელი პედაგოგი ბარბ ჰაიმი, რომელსაც მასწავლებლობის 35 წლიანი სტაჟი აქვს, ყოველ სამუშაო დღეს, სკოლის დატოვების შემდეგ თავის ერთ-ერთ მოსწავლეს სტუმრობს და სახლში ამეცადინებს.
მეორეკლასელი ჰარისონ კონერი ლეიკემიას ებრძვის, მისი საყვარელი მასწავლებელი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვი სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩეს და რაც მთავარია, მის კარგ განწყობაზე ზრუნავს. ამ ეტაპზე ჰარისონი რემისიის პერიოდს გადის, თუმცა მისი მკურნალობა კიდევ 1,5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
მას შემდეგ, რაც შტატის მასშტაბით სკოლები გაიხსნა, ჰარისონს მაინც დისტანციურ სწავლაზე მოუწია დარჩენა, როგორც რისკ-ჯგუფში მყოფს. თუმცა მისმა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ბიჭუნასთვის უკეთესი სახლში მეცადინეობა იქნებოდა.
„ის ისეთი აღტაცებული იყო სწავლის დაწყებით, რომ ვეღარ ითმენდა. ვიცოდი, რომ მას საკლასო ოთახში მეცადინეობა უნდოდა, ამიტომ გული დასწყდა, როდესაც სახლში დარჩენა მოუწია. ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი ვიპოვეთ“, – ამბობს ქალბატონი ჰეიმი „თუდეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ბარბ ჰაიმი იყო პირველი ადამიანი, ვინც ჰარისონის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიიტანა ეჭვი. 2019 წელს მან შენიშნა, რომ ბიჭუნა უჩვეულოდ მოდუნებული და ფერმკრთალი იყო, სპორტული აქტივობების დროს კი მუდმივად შესვენებას ითხოვდა. მისი თხოვნით სკოლის მედდამ აღნიშნული ბიჭუნას დედას აცნობა. მალევე ჰარისონს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.
„ის საკლასო ოთახს ძალიან დააკლდა, ისევე როგორც მე და მის კლასელებს. ჰარისონი ძალიან ცოცხალი და მხიარული ბავშვია. საოცარია, თუ როგორ უნდა მას ახალი რაღაცეების სწავლა“- ამბობს ბარბი.
ბუნებრივია, ბიჭუნას დედა პედაგოგის უზომოდ მადლიერია.
„ის მასწავლებელი კი არა, უკვე ოჯახის წევრია. იმისთვის, რასაც ჩემი შვილისთვის აკეთებს, სამაგიეროს ვერასდროს გადავუხდი“– ამბობს სიუზენ კონერი.