LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მატრიცაში” რომ ნეოა, ესაა ამ ქვეყნისთვის “გირჩი” – გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

76

“გირჩმა” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა. როგორც ჯაფარიძე „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება.

„პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილება ცხადია, რომ შეზღუდულია და მომავალ პრეზიდენტს ვერ ექნება გავლენა ბევრ სფეროზე, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ მას არ ექნება საკმარისი ბერკეტები დიდი ცვლილებებისთვის. როგორც თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს. სრულად გავაუქმებ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და ეს იქნება პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია.

შეწყალების უფლების გამოყენებით შევიწყალებ ყველას, ვისაც რაიმე სასჯელი აქვს დაკისრებული ნარკოდანაშაულის გამო იქამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დათანხმდება ადამიანურ ნარკოპოლიტიკას. ვეტოს უფლებით გავაჩერებ მავნებლური კანონების მიღებას ანუ პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელიც იქნება თავისუფლების შემზღუდავი, ვივლი ასეთი კანონების განხილვაზე საქართველოს პარლამენტში და დავიცავ საღ აზრს 150 პარლამენტარის წინაშე. თვეში ერთხელ, სათითაოდ შევხვდები ყველა მინისტრს და გამოვკითხავ თუ რას აკეთებს, რაში ხარჯავს ხალხის ფულს და ამ ყველაფრის ჩვენება მოხდება Facebook Live-ით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეს არჩევნები არის შანსი რადიკალურად შეიცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ.

„დღევანდელი რეალობის სხვა ალტერნატივა „გირჩის“ გარდა არ არსებობს, „მატრიცაში“ რომ ნეოა, ესაა სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის „გირჩი“, – აღნიშნა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები