ადამიანი სოციალური არსებაა და შესაბამისად, მუდმივად უწევს სხვებთან ურთიერთობა. ზოგი ინდივიდის მოსაზრებებს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა იზიარებს, ამიტომ მათ ინფლუენსერებს, ანუ გავლენის მომხდენებს უწოდებენ. თუმცა სოციალურ ქსელში წესები მის ყველაზე პოპულარულ წევრებზეც ვრცელდება და ამაში აუცილებლად დაგვეთანხმებოდა ერთი ცნობილი ინსტაგრამ-ვარსკვლავი, რომელიც სულელური ტყუილის გამო სპონსორების გარეშე დარჩა.
სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული ქალბატონის პრობლემა უწყინარი ხუმრობით დაიწყო: მეგობარმა მას ცნობილი სერიალის, ,,მეგობრების” პერსონაჟის, მონიკას სახლის ფოტო გაუგზავნა და სთხოვა ფოტოზე კატა ეპოვა. ბუნებრივია ფოტოზე კატა არ არის და წესით, ქალბატონს ამაზე უბრალოდ უნდა გაეღიმა, თუმცა ფოტოს გამგზავნი გაოცდა, როდესაც ცოტა ხანში ცნობილი სახლის ფოტო მეგობარი ინფლუენსერის პოსტში აღმოაჩინა. ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ ეს მისი ახალი ბინა იყო, რომელშიც კატა ცხოვრობდა და ფოლოვერებს სთხოვდა, ფოტოზე კატა ეპოვათ.
მეგობარმა, რომლესაც მანამდეც შემჩნეული ჰყავდა “ინსტაგრამ”- ვარსკვლავი სხვისი ფოტოების და კონტენტის მითვისებაში, მას არაფერი უთხრა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ “მეგობრები” მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სერიალია, ბუნებრივია, რომ შედეგი ინფლუენსერისათვის არც ისე სახარბიელო გამოდგა. მან ტყუილის თქმის გამო ნეგატიური კომენტარების ზღვა მიიღო, რის შემდეგაც იძულებული გახდა ჯერ პოსტებზე კომენტირების ფუნქცია გამოერთო, შემდეგ კი ანგარიში საერთოდ გაეუქმებინა. საბოლოოდ მატყუარა ქალბატონთან რამდენიმე სპონსორმა კონტრაქტი შეაჩერა, რამდენიმემ კი გაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოციალურ ქსელებში პოპულარული ადამიანები თავის გავლენას ბოროტად იყენებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფლუენსერები ცრუობენ საკუთარი გარეგნობის, ასაკის და ცხოვრების სტილის შესახებ. ტყუილს კი მოკლე ფეხები აქვს და მსგავსმა ქცევამ უკვე ბევრი მათგანის კარიერა შეიწირა…