LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტებზე ”მსგავსი” და ”ებრი” ტერმინების გამოყენება იკრძალება

113

2016 წლის პირველი აგვისტოდან რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება და ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება იკრძალება.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის მწარმოებლებს დაუდგინდათ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენებას სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის ნაწარმის მწარმოებელებსა და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა  ბიზნესოპერატორებს  რძის ტექნიკური რეგლამენტის ის ნორმა გააცნეს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება და რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში „მსგავსის“ და „ებრის“ გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.

„ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდგომ სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა, რასაც მოწმობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები. დარღვევების რაოდენობამ იკლო, რაც ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის  შედეგია. ამასთან, მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორთან აქტიური თანამშრომლობა, რაც დარგის განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლის ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რძის ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვნების შესაბამისად, 2016 წელს 1770 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 11 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში აღებული 87 ნიმუშიდან დარღვევა 12 ნიმუშში გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა, ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

magti 5g