LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთის მერი შენობაში დაიმალა, წინ კი პოლიციელების დიდი კედელი დაგვხვდა – რა მოხდა მცხეთის მერიასთან გამართულ აქციაზე

90
თაზო დათუნაშვილი - ფორტუნა

მცხეთის მერიასთან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგებისა და დირექტორების აქცია გაიმართა. სამსახურიდან გათავისუფლებული მასწავლებლები მცხეთის მერიაში შესვლასა და მერთან, გიორგი კაპანაძესთან გასაუბრებას ცდილობდნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციაზე იმყოფენოდნენ პარტია “ლელოს” ლიდერებიც, რომლებიც ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებდნენ. როგორც “ფორტუნას” პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განუცხადა, აქციის მიზანი რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ ყოფილა და მონაწილეებს სურდათ მერისთვის გათავისუფლების მიზეზებზე კითხვები დაესვათ. 

“ჩვენ ძალიან კონკრეტული მიზნით მივედით, ჩვენთან ერთად იყვნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მასწავლებლები და სკოლის დირექტორები და შესაბამისად, ამ ადამიანების გათავისუფლების მიზეზებზე გვსურდა მცხეთის მერს გავსაუბრებოდით, შემდეგ კი, მისაქციელში გამგებელს. უბრალოდ გვაინტერესებდა რა მიზეზით გაათავისუფლეს პედაგოგები და დირექტორები, რადგან ეს ადამიანები ამბობენ, რომ მათი გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც მათ „ქართული ოცნების“ აგიტაციაში ჩართვაზე, უარი განაცხადეს,” – განუცხადა “ფორტუნას” დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეებს აიძულებენ პოლიტიკური პარტიის აგიტაციის პროცესში ჩართვას, დღემდე არსებობს.

“ძალიან კარგად ვიცით, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ პრაქტიკას, ქალბატონი ია კერზაია ემსხვერპლა. ამ საშინელი ფაქტის შემდეგ კი, ეს მანკიერი პრაქტიკა არ დასრულებულა – სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ჩინოვნიკები ისევ აძლევენ თავის თავს უფლებას, რომ მსგვასი სიბინძურე აკეთონ. ამ საკითხზე სასაუბროდ ვიყავით შეკრებილები მცხეთაში და შემდგომ მისაქციელშიც, სადაც აბსოლუტურად სამარცხვინო და კომიკური ვითარება დაგვხვდა – მცხეთის მერი შენობაში დაიმალა, წინ კი პოლიციელების დიდი კედელი დაგვხვდა, რომლებიც ვერ გვეუბნებოდნენ, რატომ არ გვიშვებდნენ საჯარო დაწესებულებაში, სადაც შესვლის უფლება, ყველა მოქალაქეს აქვს. მიზეზიც კი არ იცოდნენ,” – გვითხრა “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრმა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები ბოლომდე ცდილობდით საჯარო სივრცეში შესვლას, რასაც გარკვეული შეხლა-შემოხლა მოჰყვა, თუმცა, აქციაზე არავინ დაშავებულა და სიტუაცია მალევე განიმუხტა.

“იმის გამო, რომ წინ პოლიციის სამშრიანი კედელი დაგხვდა და ყველანაირად ცდილობდნენ ხელის შეშლას, საჯარო მოხელეებისთვის კითხვები დასმა ვერ შევძელით. ასეთ საკითხებზე ვცდილობთ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმაცია მოვიძიოთ და მივმართავთ ყველას: ვინც მსგავსი ან სხვა უსამართლო მიზეზით სამსახურიდან გაუშვეს, ყველგან მივალთ და ვეცდებით ამ უმსგავსო საქციელისთვის პასუხი საჯარო მოხელეებს მოვთხოვოთ,” – აღნიშნა “ფორტუნასთან” საუბრისას დათუნაშვილმა.