ფრაქცია “ქართულო ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „კარგი იქნება, თუ ოპოზიციიდან 3 ადამიანი ჩაერთვება დელეგაციაში“.
მისივე თქმით, მათთვის დისკომფორტი იქნებოდა “ნაციონალურ მოძრაობის” დელეგაციაში ყოფნა, თუმცა, ეს არ არის საკითხი, რომელიც დისკომფორტის მიხედვით უნდა გადაწყდეს.
“ველოდებით შეთავაზებაზე პასუხს. მე ვფიქრობ, როცა მეორეხარისხოვან თემებზე ხდება აქცენტების გადატანა, კარგი არ არის. ღიაა ეს საკითხი და სივრცე არის დარჩენილი იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ოპოზიციამ, შეძლონ, რომ სამი ადამიანი, რომელიც თავმჯდომარესთან ერთად იქნება დელეგაციის წევრი, წავიდეს უმრავლესობის წევრებთან ერთად, ამით დააფიქსირონ თავის სოლიდარობა და აჩვენონ, რომ ეს არ არის პიარი და სურთ სოლიდარობის გამოხატვა. ვიმედოვნებთ შეძლებენ შეთანხმებას ერთმანეთში, კარგი იქნება თუ სამი ადამიანი ოპოზიციიდან ჩაერთვება ამ დელეგაციაში, ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა.
წასვლა უნდა ყველას, ჩვენ მაგალითად, ვიხელმძღვანელეთ ასეთი კრიტერიუმით, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – არჩილ თალაკვაძე, წარმოშობით უკრაინელი დავით სერგეენკო და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ისედაც მჭიდროდ არის ჩართული ყოველდღიურად დიასპორის წარმომადგენლების მოკითხვაში, უკრაინის თემებში და ამის იქით გავჩერდით, თორემ ყველას გვინდოდა. თუ ისინი ამ ბავშვური არგუმენტის გამო – “მეც მინდა, მეც მინდა” გააფუჭებენ ამ თემას, ეს იქნება დამაზიანებელი, ამასთან, არის ლოჯისტიკური და უსაფრთხოების საკითხები,”- განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, უკრაინული მხარისგან თუ იყო გაწერილი დელეგაციის წევრთა რაოდენობა, მდინარაძე აცხადებს, რომ კონკრეტული რაოდენობა გაწერილი არ ყოფილა, თუმცა, თხოვნა იყო ყოფილიყო ადამიანების შეზღუდული რაოდენობა.
“არ იყო ზუსტად გაწერილი ასე, 12 ან 8 წევრი , თავის კოლეგასთან შალვა პაპუაშვილმა დააფიქსირა მზაობა, რამდენიმე დღიანი ვიზიტი ყოფილიყო, შემდეგ პროტოკოლების სამსახურები დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ერთდღიანი ვიზიტი, შეზღუდული რაოდენობაა დღეების, ისევე, როგორც მათი თხოვნაა ადამიანების შეზღუდული რაოდენობა იყოს”, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე უპასუხა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ქართული ოცნების პოზიციაა, სელექცია გააკეთონ ოპოზიციის მხარეს და აღნიშნა, რომ ეს შეურაცხყოფაა როგორც უმრავლესობის ისე, ოპოზიციის.
“ვაშაძეს უთქვამს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში, როცა დელეგაციები მიდიან სხვა ქვეყნებში ხდება სელექცია. მიუყენებია შეურაცხყოფა თავის კოლეგებისთვის, ასევე უმრავლესობისთვის”, – განაცხადა მდინარაძემ.