LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლმა 2 ახალგაზრდა ქალბატონი მანქანიდან იძულებით ჩაუშვა, სამაგიეროს გადახდის მიზნით, სიგარეტს მოუკიდეს და უკანა სავარძელზე დაყარეს – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მგზავრი თამბაქოს ეწევა

561
ტაქსი

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში“, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგს ატარებს, ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს.

ნებისმიერი მძღოლი დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს 112-ს, თუ მგზავრი თამბაქოს მოხმარების წესს დაარღვევს.

„ბოლო დროს, განსაკუთრებით რაიონებში, ხშირად, არამწეველი მძღოლი მგზავრის მიერ კანონის დარღვევის გამო ისჯება. ზოგიერთი მოქალაქე კვლავაც კატეგორიულად მოითხოვს, ავტომობილის სალონში მოაწევინონ. არ ითვალისწინებენ მძღოლის შენიშვნას, ან თხოვნას. მძღოლი, რომელიც ამ დროს 112-ზე იმ იმედით არ რეკავს, რომ მგზავრი მალე ჩავა, უმეტესად მონიტორის, ან საპატრულო პოლიციის თვალთახედვის არეში ხვდება და ჯარიმდება.

არ დაგემორჩილათ მგზავრი? დარეკეთ, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნეთ 112-ზე. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება მხოლოდ მგზავრი. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მწეველის ჩასვლის შემდეგ ჩამჯდარმა ახალმა მგზავრმა სუნის გამო იჩივლა. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, ნუ გამოცდით ბედს, დარეკეთ 112-ზე და აიცილეთ ჯარიმა. ივნისის თვეში ტაქსის მძღოლების მხრიდან მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა. თბილისში, მძღოლმა ორი ახალგაზრდა ქალბატონი მანქანიდან იძულებით ჩაუშვა. მათ სიგარეტს მოუკიდეს და ჩასვლისას, სამაგიეროს გადახდის მიზნით უკანა სავარძელზე დაყარეს, რითაც სავარძლის ქსოვილი მოგვიანებით აალდა.

თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების მიზნით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ტარდება კვლევა. არამხოლოდ დარღვევის ფაქტები მოწმდება, იმართება საინფორმაციო კამპანია და სასწავლო ტრენინგები აღმასრულებლებისთვის.

ივნისის თვის მონაცემებით, მცირე, მაგრამ ორგანიზაციების (შემოწმებული 709 ობიექტი) ნაწილი კვლავაც არ ცნობს ორგანიზაციის შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის მაუწყებელი სტიკერების განთავსების ვალდებულებას. დაწესებულებების მხოლოდ 61,9%-ში შესასვლელ კარზე გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები.დაწესებულებების 52,5%-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები.

მონიტორებმა 112-ის მობილური აპლიკაციით აღმასრულებელი გამოიძახეს დარღვევებზე, რომელიც ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ობიექტებზე დაფიქსირდა თბილისში და მარნეულში. ძირითადად კანონი ჩილიმის არასწორი მოხმარების ფაქტებზე ირღვევა.

თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგის შედეგად (529 დაწესებულებაში) ძირითადად კვლავ სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების წესი ირღვევა. თამბაქოს ნაწარმი ხილულად განთავსებულია ობიექტების 17,0%-ში.

მაქსიმალურად შემცირდა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტები. მეტწილად კვლავ ფიქსირდება თუთუნის რეკლამა.

ივნისის თვეში, სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები და პრომო-აქციები საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა“. – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g