მძიმე დიაგნოზისგან განკურნებული ულამაზესი პატარა გოგონა, თუთა 11 ივლისს სამი წლის გახდა. შეგახსენებთ, რომ ოჯახმა საზოგადოების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, გოგონას მკურნალობა საზღვარგარეთ შეძლო და ამჟამად თუთა თავს კარგად გრძნობს.
გოონას დედა, ანკა ბერიშვილი საზოგადოებას მიმართავს და დიდ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ასევე დასძენს, რომ სიკეთის კეთებით არასდროს უნდა დავიღალოთ…
გთავაზობთ ანკა ბერიშვილის სტატუსს:
„დღეს ის დღეა, შარშან რომ ვინატრე რომ ისევ შევხვედროდით ერთად… არც ერთი წამი არ მინდა უშენოდ, თუთა, ჩემო ტკბილო, ჩემო სულო, ჩემო ბედნიერება. არც ერთი ტკივილი, არც ერთი მოწყენილი სახე, არც ერთი ცრემლი დედა! სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო, შენი ბოხი სიცილი და უკეთილესი თვალები! რამდენ ადამიანს შეგაყვარათ თავი…. რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც! 3 წელი და სამივე მისტიკური წელი გავიარეთ სამივე უბედნიერესი ერთად ყოფნით… ყველაფერი მინდა, ოღონდ შენთან ერთად და არაფერი დედამიწაზე უშენოდ. მე ვერ ავხსნი სიტყვებით, ალბათ, რას გრძნობს ჩემი სხეული ყოველ დილას, როცა თუთას ხედავს და თუთას ხმა ესმის… ვერ აგიღწერთ, რას გრძნობს ჩემი სხეული და გონება, როცა ჩემს შვილს ვსუნთქავ, ყოველ ღამე და ყველა კოცნაზე მაჟრიალებს, თითქოს პირველად ვაკოცე და ყველა ამ კოცნისთვის, რაც მაქვს და მექნება, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით, მეგობრებო, რომ ასეთები ხართ! მინდა, რომ სული გაგიღოთ და თავი ავიხადო, რომ ჩაგახედოთ 5 წუთით მაინც. მინდა, უსასრულოდ გელაპარაკოთ.
არ დაიღალოთ სიკეთის კეთებით თუნდაც ამიტომ… არასდროს იმედი არ დაკარგოთ ცხოვრებაში არასდროს! და ყოველ წუთს გიყვარდეთ ერთმანეთი და ეფერეთ ძალიან ძალიან ბევრი! ჩიტოზა გილოცავ, დედა, მე უმდიდრესი ვარ შენით!“