იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა, ნეპოტიზმის წესით განწესდეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება დაუსაბუთებელია.
გვრიტიშვილის თქმით, „ის და სხვა მოსამართლეები ბედნიერი იქნებიან იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“.
მისივე განცხადებით, „ჯანეზაშვილი თავისი მოღვაწეობის მანძილზე სასამართლოს დისკრედიტაციას, ინდივიდუალური მოსამართლების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას ცდილობდა“. გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე კამპანიის გაგრძელება ხდება. მოსამართლე წევრი არ გამორიცხავს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მგალითი, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ცდილობდა მოსამართლეობის ახალგაზრდა კანდიდატის (ალექსანდრე გზირიშვილის) დამცირებას მისი ღირსებისა და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფით, რაც საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. ამ ადამიანმა ეთიკურად და ადეკვატურად გაართვა თავი თავდასხმებს.
რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, როდესაც ქალბატონი ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არამხოლოდ უნდა მიუთითოს უდაო ფაქტზე, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის მქონე იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და განმწესდეს მოსამართლედ.
როგორც ვიცი, ნაზი ჯანეზაშვილმა აღიარა, რომ კვალიფიკაციის გამოსავლენად სამართლებრივი შეკითხვები არც კი დასვა და შემოიფარგლა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კვლევით, რაც ყველასთვის ცხადია. ამიტომ, ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ეს არის კიდევ ერთი გამოხტომა საბჭოს არამოსამართლე წევრის. საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, – აცხადებს გვრიტიშვილი.