LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ძალიან პატარა ჭანკიჭი ვარ“ – რას ჰყვება ქართველი, რომელმაც ლონდონში რუსეთის აგრესია მარტომ გააპროტესტა

549
ანა წილოსანი

ანა წილოსანის ფოტო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ანა ლონდონში რუსეთის საელჩოსთან რუსეთ-უკრაინის ომს აპროტესტებდა. თავისთავად პროტესტში უჩვეულო არაფერია, მთელი ცივილიზებული სამყარო აპროტესტებს რუსეთის აგრესიას.

საინტერესო ის იყო, რომ ანა რუსეთის საელჩოსთან მარტო იდგა.

„ფორტუნა“ ანას დიდ ბრიტანეთში დაუკავშირდა, რომელმაც პროტესტის ისტორიაზე  და მის ინგლისურ ცხოვრებაზე გვიამბო.

„არ მეგონა, რომ ამ ფოტოს ასეთი რეზონანსი მოჰყვებოდა. არ ვცხოვრობ ლონდონში, მაგრამ აქციაზე დავდივარ ხოლმე.

ადრე ბევრნი ვიყავით. ვენაცვლებოდით ერთმანეთს, რომ რუსეთის საელჩოსთან გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია. ჩვენი კუთხე გვქონდა და ვაპროტესტებდით.  დიდი აქცია რამდენჯერმე გვქონდა. ერთ-ერთი დიდი აქცია იმ დღეს იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უნიტაზები და ხალიჩები მოიპარეს.

მოდიან პოლონელები, შეძლებისდაგვარად ქართველებიც მოდიან ხოლმე. ხალხი  აქციებზე დადიან ლივერპულიდან და უელსიდან.

იმ დღეს, 4 მაისს, როცა ეს ფოტო გადავიღე, წვიმაში მოვყევი. მეგობარმა მითხრა, დაბრუნდი სახლშიო, მაგრამ მე არ დავბრუნდი. მეგობარი სახლამდე მივაცილე და საწვიმარი „ეკიპირება“ მომცა.

ქოლგა იყო ძალიან სასაცილო“. – ჰყვება ანა.

 

ლონდონში აქციაზე  ვინ იკრიბებიან

 

„ინგლისში მცხოვრები ქართველები ომს ვუყურებთ, როგორც ჩვენსას და მორალური პასუხიმგებლობა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის და მეზობელი ქვეყნის წინაშე, რომელთანაც გადაჯაჭვული ურთიერთობა გვაქვს. მე მათ შევუერთდი გასული წლის დეკემბერში, როდესაც მესამე პრეზიდენტი დაიჭირეს, მაშინ საქართველოს საელჩოსთან პიკეტირება დავიწყეთ. შემდეგ, ცოტა მოვმძლავრდით. საერთო შეხედულებები გვაქვს. არის ერთიანობის თემა, სადაც არ ვიყოფით ვინ ვისი მომხრეა და ერთიანად ვაპროტესტებთ.

მე ძალიან პატარა ჭანკიჭი ვარ, ჩემზე გაცილებით უფრო ღვაწლმოსილი ადამიანები არიან, რომლებიც აორგანიზებენ მიტინგებს სხვადასხვა ლოკაციებზე. ამ ყველაფერს ცოდნა და ნებართვების მოპოვება სჭირდება, მათ შორის ფინანსური რესურსის შეგროვება და დახმარებაა საჭირო.“- ამბობს ანა წილოსანი.

 

როგორ უყურებენ რუსეთის საელჩოდან აქციას?

 

„ჩვენს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. პირველ ეტაპზე, როცა ბევრნი ვიყავით, მათ ინგლისის პოლიცია იცავდა. არც არავინ არ გამოდის გარეთ. სინათლე რომ ინთება, იმით ვხვდებით, რომ საელჩოში ვინმე არის.

რუსები აქ არ არიან  „ველქამ“ სიტუაციაში. რამდენჯერმე ვნახე, რომ რუსულად საუბარს ერიდებიან, რადგან ინგლისელებს მათ მიმართ აგრესია აქვთ.  

ინგლისელები ძალიან გაწონასწორებული ხალხია, სულ ამინდზე ლაპარაკობენ. (ეს ანეკდოტის დონეზეა, მაგრამ ნამდვილად ასეა). ამ ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

რუსები საელჩოში ისე შედიან და გამოდიან, რომ მთავარი შესასვლელით არ სარგებლობენ.

 

 

ჩვენი პიკეტირების მთავარი მიზანია, რომ არაკომფორტული სიტუაცია შევუქმნათ, ანუ იცოდნენ, რომ იქ ვდგავართ,  ფრიალებს საქართველოს დროშა.

უკრაინის დროშას უკვე ცნობენ და საქართველოს დროშაზე როცა გვეკითხებიან, ვუყვებით და არ გვეზარება, რომ ჩვენი ქვეყანაც არის ოკუპირებული. ვერ გეტყვით, რომ ყოველმა მეორემ იცის,  სად არის საქართველო“. – გვიყვება ანა.

ანა ცხრა წელია, ლონდონში წავიდა. გასულ წელს ოჯახი შექმნა – ჰყავს ინგლისელი მეუღლე. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ანა წილოსანი საქართველოში მუშაობდა კვლევით ინსტიტუტში. ასევე მუშაობდა „იმედში“ – იყო  საიტის რედაქტორი. 

 

 

„ინგლისში რომ წავედი, ტელევიზორი გამოვრთე, რადგან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა ჩემს თავში. აქ სხვა ცხოვრება დავიწყე. დაღლილი ვიყავი საქართველოში ცხოვრებით. მინდოდა, ჩემი ცხოვრება მქონოდა,“ – ამბობს ანა.

ახლა კერძო მოსწავლეები ჰყავს.

„ამ ეტაპზე სტატუსს ვიცვლი, არ მაქვს მუშაობის უფლება. ამ მხრივ აქ ცოტა რთული კანონებია. შესაძლოა თვის ბოლოს უკვე მქონდეს მუშაობის უფლება… ვფიქრობდი, რომ ჩემ თაობაზე დამთავრდა უბედობა და ჩვენი მომავალი თაობა იქნებოდა ბედნიერი…  მთელი ჩემი სამეგობრო და ნათესავები, ვინც მიყვარს,  ცხოვრობს საქართველოში. ეს ძალიან დიდი ტკივილია“.

ანა ამბობს, რომ აქციებში მონაწილეობას გააგრძელებს.

მას ინგლისში უკრაინელებისთვის შეგროვილ დახმარებაშიც წვლილი შეაქვს, ამოწმებს, რომ ვინმემ რაიმე ასაფეთქებელი ან ისეთი ნივთიერება არ ჩადოს ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელიც უკრაინელებს პრობლემას შეუქმნის.

ფოტოები ინგლისში გამართული აქციებიდან მოგვაწოდა ანა წილოსანმა. 

 

mazda magti 5g