LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელსაც მოხვედრია ხელი, ფეხი, ჭიქა, ჯოხი, რომლის თმაც ზოგჯერ სხვის ხელს შერჩენია… რომელზეც დიდხანს ამბობდნენ, თუ ასეთ დღეში იყო, რატომ აქამდე არ წამოვიდაო”- რას წერს ქალი, რომელმაც მოძალადეს თავი 10 წლის წინ დააღწია

1787
ნათია ჩხაიძე

ქალის მიმართ ძალადობის ყოველი მორიგი გახმაურებული ფაქტი საზოგადოებაში თავიდან იწვევს დისკურსის გამართვას. ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავების შემდეგ, კიდევ ერთხელ გააქტიურდა საკითხი. სოციალურ ქსელში ბევრმა საკუთარი ამბავი საჯაროდ გაამხილეს. მათ შორის არის ნათია ჩხაიძე, რომელმაც 10 წლის წინ დააღწია თავი მოძალადეს და ამ საკითხზე ღიად საუბრობს.

“ყველაფერი ათი წლის წინ ზაფხულში დავასრულე!

ოქმში, რომელიც ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაწერა, გარკვევით და ნათლად ეწერა, რომ მრავლობითი დალურჯებები მქონდა სხეულზე, ხოლო არც ისე დიდი ხნის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ ჩემი ქორწინება ოჯახური ძალადობის მიზეზით დასრულდა.

და გგონიათ ყოველთვის ყველაფერი, როგორც ფილმებში, მალე და სწრაფ-სწრაფად ხდება? არა! მეც იმ ერთი ქალთაგანი ვიყავი, რომლისთვისაც ოჯახის არსი წმინდა იყო (და არის), რომელმაც, როცა პირველი გალაწუნება აიტანა (ორსულობისას), ეგონა პირველი იქნებოდა და უკანასკნელიც, რომელსაც ეგონა, ქმარი დაუდინჯდებოდა და შეეცვლებოდა, რომელსაც მუდმივად, თითქმის ყოველ დღე, დილიდან საღამომდე ახსენებდნენ, რომ რძალი იყო და აწი ყველაფერი მას უნდა ეკეთებინა, ოღონდ უხმოდ, უპრეტენზიოდ, ზოგჯერ მშიერსაც, ზოგჯერ ყველასგან გარიყულსაც, რომელზეც ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, რომელსაც არწმუნებდნენ, რომ ამდენი კონფლიქტური მომენტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომელსაც საკუთარ მშობლებთან, დასთან, ძმასთან, ნათესავებთან საუბრის დროს და ტექსტს უკონტროლებდნენ, რომელსაც გამოაცდევინეს, რა იყო კარგად გაკვანძული ყულფის შეგრძნება ყელზე, რომელსაც უკონტროლებდნენ ღიმილს, სიტყვას, განწყობას, ხასიათს, რომელიც საკუთარი შვილის ძიძა გახადეს და ერთხელაც არ მისცეს უფლება მის გემოზე ბავშვი დაებანა, გაემშრალებინა, ის ტანსაცმელი ჩაეცმია, რომელიც მოსწონდა, ის იავნანა ემღერა, რომელიც ემღერებოდა, ის სახელი დაერქმია, რომელიც მოსწონდა, ის საჭმელი ეჭმია, რომელიც აუცილებელი იყო, ის გადაცემა ჩაერთო, რომელსაც თვლიდა, რომ ბავშვს მოეწონებოდა, იმ ენაზე ელაპარაკა, რომელზეც უნდოდა. მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელსაც მოხვედრია ხელი, ფეხი, ჭიქა, რეზინის ჩუსტი, გრძელი ჯოხი, რომლის თმაც ზოგჯერ სხვის ხელს შერჩენია, რომელსაც ძალიან უნდოდა, აკანკალებდა კიდეც , ისე უნდოდა, დანა აეღო და მძინარე ადამიანებისთვის ყელი გამოეღადრა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გაბედა. იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელზეც დიდხანს ამბობდნენ, თუ ასეთ დღეში იყო, რატომ აქამდე არ წამოვიდაო, რატომ აქამდე არ თქვაო, რატომ აქამდე არ ამოიღო ხმაო.

ჰომმ. ზოგჯერ ვერ ვბედავთ. ზოგჯერ უკან ვიხევთ. ზოგჯერ იმედს ვარქმევთ, ყველაფრის შეცვლის იმედს. ზოგჯერ საკუთარი თავი გვავიწყდება, საკუთარი არსებობა და მორევში ჩაყოლილებივით დიდხანს ვტრიალებთ სუნთქვაშეკრულები.

მაგრამ მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელმაც ერთ დღეს ყველაფრისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტა, რომელსაც აღარ შეშინებია არც მუქარის, რომ ბავშვს წაართმევდნენ, არც თხოვნის, რომ სახლში დაბრუნება ეთხოვა, არც სახელის, ქმარს გაცილებული რომ დაერქმეოდა, არც მარტოხელა დედობის და საერთოდ აღარაფრის.
და დღეს, როცა ვხედავ თითქმის მსგავსი ისტორიებით სხვა ქალებს, არ მიკვირს, რომ ყველაფერი ერთ დღეში ვერ დაასრულეს, თავიდანვე არ თქვეს, პირველივე ინციდენტზე ჯანდაბაში არ გაუშვეს მოძალადე კაცები, ის კაცები, რომლებიც მერე რატომღაც კარგი მეზობლის, კარგი ნათესავის, კარგი სპორტსმენის, კარგი მამულიშვილის სახელით და ავტორიტეტით მართლდებიან და ყველაფერი ისევ ჩვენ “გვეტენება”, ისევ ჩვენს ხასიათში, მიზნებში და ქცევებში ეძებენ ყველაფრის ახსნას”, – წერს ფეისბუკმომხმარებელი ნათია ჩხაიძე.

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გაუპატიურებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები