იტალიელმა მკვლევრებმა წარმოადგინეს სენსაციური მონაცემები, რამაც შესაძლოა მთლიანად შეცვალოს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სადაა დაკრძალული ვლად III ცეპეში – გრაფ დრაკულას ისტორიული პროტოტიპი. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.
ტრადიციული ვერსიით, ვლახეთის მმართველი 1476 წელს ბრძოლაში დაიღუპა, რის შემდეგაც მისი სხეული სნაგოვის მონასტერში (რუმინეთი) დაკრძალეს, ხოლო თავი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს. თუმცა ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ცეპეში შესაძლოა ნეაპოლის ეკლესიაში – სანტა-მარია-ლა-ნოვაში იყოს დაკრძალული.
ჰიპოთეზა ვლადის ნეაპოლში დაკრძალვის შესახებ პირველად 2014 წელს, ისტორიკოსმა რაფაელო გლინნიმ წამოაყენა. მისი თეორიის თანახმად, ვლად III არ დაღუპულა ბრძოლის ველზე – იგი ტყვედ აიყვანეს თურქებმა, შემდეგ კი ქალიშვილმა, მარია ბალსამ, გამოიხსნა.
მარიამ, რომელიც ნეაპოლელ არისტოკრატზე იყო დაქორწინებული, სავარაუდოდ, მამა იტალიაში წაიყვანა, სადაც მან კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და ტურბოლოს კაპელაში დაკრძალეს.
მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს წარწერა საფლავზე, რომელიც შესრულებულია ძველ ბერძნულ ენაზე ბალკანური ანბანის ელემენტებით. სნაგოვის კონფერენციაზე რუმინელმა ლინგვისტმა, მირჩა კოსმამ საზოგადოებას წარწერის არსი გააცნო.
გაშიფრულ ფრაგმენტებში ვკითხულობთ:
„ვლადი, ვლახების მმართველი“
„რუმინელებისა და ვლახების იმპერატორი“
„იგი ორჯერ მოკლეს“ (შესაძლო მინიშნება გავრცელებულ ცრუ ცნობებზე)
„იგი გაიქცა და კვლავ იცოცხლა“
„მან მშვიდობით დატოვა ქვეყანა, ღმერთების ქებით“
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საფლავზე ამოტვიფრული თარიღი — 1499 წელი, რომელიც მითითებულია რომაული ციფრებით (MCCCCLXXXXIX). თუ ეს თარიღი მართლაც ასახავს ვლადის სიკვდილს, მაშინ იგი სრულიად ეწინააღმდეგება ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ცეპეში 1476 წელს დაიღუპა.