21 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, წლის მთავარ სამედიცინო ღონისძიებას – რიგით მესამე „Med Award“-ს უმასპინძლებს. დაჯილდოების ოფიციალური გალა ცერემონია ერთ სივრცეში გააერთიანებს ქვეყნის წამყვან სამედიცინო კლინიკებს, ავტორიტეტულ ექიმებს, ჯანდაცვის სექტორის პროფესიონალებსა და დარგის ლიდერებს.
ნატალია დოლიძე, „Med Award“-ის დამფუძნებელი:
– სამედიცინო დაჯილდოება „Med Award“-ი ახლადდაფუძნებული მულტიპროფილური პლატფორმის „Georgian Awards“ ორგანიზებით ტარდება და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. „Georgian Awards“-ის მიზანია, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისა და ორგანიზაციების დაჯილდოებით, ხელი შეუწყოს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, წარმატებული მაგალითების გაზიარებასა და საზოგადოების ნდობის გაძლიერებას. წელს ასევე გავცემთ ჯილდოებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით. იმედი მაქვს, მათაც ისეთივე დიდი გამოხმაურება მოჰყვებათ, როგორც სამედიცინო სექტორის მხრიდან „Med Award“-ის შემთხვევაში.
„Med Award“-ი წლის შემაჯამებელი დაჯილდოება გახლავთ, რომლის მთავარი მიზანია ჯანდაცვის სფეროში მაღალი ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების წარმოჩენა, წარმატებული სამედიცინო სერვისებისა და ინოვაციური პრაქტიკების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ჯანდაცვის სისტემის როლის ხაზგასმა. გვიხარია, რომ „Med Award“-ი ქვეყნის მასშტაბით მთავარ სამედიცინო მოვლენად იქცა და მას ექიმები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და ხშირად უანგაროდ, მოუთმენლად ელიან.

წელს ოცდაათამდე ნომინაცია გვაქვს. ეს ნომინაციები დაყოფილია როგორც კლინიკების, ისე ექიმების პროფილების მიხედვით.
დაჯილდოება საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე ტარდება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ სანდოობასა და ღირებულებას ანიჭებს. ნომინაციებში ის სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები გაიმარჯვებენ, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.
ხმის მიცემის პროცესი სრულად გამჭვირვალეა და ძალიან მარტივია. „Med Award“-ის ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებზე განთავსებულია ნომინაციები. თითოეულ ნომინანტს მინიჭებული აქვს მაგთიკომის უნიკალური ნომერი, რომელზეც დარეკვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი ნომრიდან მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ერთი ზარი ნიშნავს ერთ ხმას და ზარს სიმბოლური ფასი აქვს – 2 თუ 3 თეთრი. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებას ჟიური არ უნდა ჰყავდეს, მიკერძოებას რომ არ ჰქონდეს ადგილი. სწორედ ამიტომ არის „Med Award“-ი საზოგადოებრივ აზრზე დაფუძნებული. ვფიქრობ, ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მადლიერი პაციენტების აზრი უფრო მნიშვნელოვანია.
ხმის მიცემის პროცესი 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 20 თებერვალს ხმებს დავითვლით, ხოლო 21 თებერვალს, ოფიციალურ გალა ცერემონიაზე, გამარჯვებულებს გამოვავლენთ.