LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა ადამიამ რჩეულზე ჯვარი დაიწერა: „ზღაპრებში კი მქონდა წაკითხული და ფილმებშიც მენახა, მაგრამ თუ რეალურადაც ხდებოდა ერთი ნახვით შეყვარება და სიყვარულით ასე ჭკუის გადაკეტვა, რას წარმოვიდგენდი…“

1980
მედეა ადამია ოჯახთან ერთად

მედეა ადამიას ნამდვილად გაუმართლა ცხოვრებაში. ფიქრობს, რომ უბედნიერესი დედა, მეუღლე და ქალია, რადგან ჰყავს საყვარელი მეუღლე – ავთანდილ სამსონაძე, ორი ვაჟი – ადამი და დავითი და გარშემო უერთგულესი ადამიანები, რომლებიც სულ მის გვერდით არიან. ახლახან, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მედეამ ჯვარი დაიწერა. თავისი ცხოვრების შესახებ ის ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს უყვება.

– მე და ავთანდილი სამი წელია, ერთად ვართ. ორივე ტრადიციული, ქრისტიანული ოჯახიდან მოვდივართ. გააზრებულ ასაკში შევხვდით და გააზრებულად შევქმენით ოჯახი. წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, ამ ასაკში შეხვდები შენს რჩეულს და ასე გადაგეკეტება ჭკუა და ერთი ნახვით შეგიყვარდებაო, გავიცინებდი. არადა, მართლა ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. ზღაპრებში კი მქონდა წაკითხული და ფილმებშიც მენახა, მაგრამ თუ რეალურადაც ხდებოდა ერთი ნახვით შეყვარება და სიყვარულით ასე ჭკუის გადაკეტვა, რას წარმოვიდგენდი (იცინის). სხვათა შორის, ჩემს მშობლებსაც ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და ერთ თვეში დააკანონეს ქორწინება, რადგან ძველად ამის გარეშე ერთად ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. ჩვენს შემთხვევაში გრძნობა და ერთი ნახვით შეყვარება გასაგები იყო, მაგრამ მაინც ვიმარხულეთ, ვეზიარეთ და მერე დავიწყეთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ჯვრისწერა ნაჩქარევად არ გვინდოდა, გააზრებულად და აუჩქარებლად უნდა დაგვეგეგმა. ღმერთს ვერ მოატყუებ, ამიტომ, ჯერ საკუთარ თავში უნდა იყო დარწმუნებული, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ იქაც, ას ოცი წლის შემდეგ ახალ ცხოვრებაში რომ გადახვალ, შენ გვერდით იქნება. ასე რომ, ას ოცი წლის შემდეგ, იმ ქვეყანაშიც ეს მეუღლე მინდა, მყავდეს და სამოთხეშიც მის გვერდით ვიყო. მოკლედ, სამი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი სიყვარული ღმერთის წინაშე ყოფილიყო კურთხეული და დაკანონებული ღვთის წყალობაც გადმოსულიყო და ჯვარი დავიწერეთ. წარმოიდგინეთ, ჯვრისწერის შემდეგ, თურმე, რადიკალურად სულ სხვანაირი ხდება ცხოვრება, ცოლ-ქმარი მართლა ერთი სულის ნაწილი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g