LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: რუსეთში გამოკითხულთა 30% ომის დაუყოვნებლივ შეჩერების მომხრეა, ასაკოვანი მოქალაქეების 72% კი ფიქრობს, რომ „სპეცოპერაცია“ უნდა გაგრძელდეს

103
არა ომს - აქცია პეტერბურგში

საერთაშორისო გამოცემა „მედუზა“ რუსეთის მოსახლეობის გამოკითხვის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობას ეხება. აღნიშნულს გამოცემა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ, გამოცემამ მოიპოვა.

კვლევის თანახმად, რუსების 30% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი „რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს“, ხოლო ამ მოსაზრებას 24 წლის ახალგაზრდებს შორის, გამოკითხულთა 56 პროცენტი ეთანხმება, გაგრძელების მომხრე კი მხოლოდ 19%-ია. 25-34 წლის რუსებს შორის 43% უჭერს მხარს ომის დასრულებას, 41% მხარს უჭერს საომარი მოქმედებების გაგრძელებას.

„მედუზა“ წერს, რომ ზოგადად, რაც უფრო ასაკოვანი არიან რესპონდენტები, მით უფრო მეტად უჭერენ მხარს ომს. მაგალითად, 60 წელზე უფროსი ასაკის რესპონდენტებს შორის, რესპონდენტთა 72% იყო შეჭრის გაგრძელების მომხრე.

მოსკოვსა და პეტერბურგში, დახურული გამოკითხვის მონაცემებით, გამოკითხულთა დაახლოებით 40%-ს საომარი მოქმედებების შეწყვეტა სურს, 48% კი მათი გაგრძელების მომხრეა. ყველაზე მეტად (62%) ბრძოლების გაგრძელების მომხრეები არიან რუსეთის სხვა ქალაქებში, სადაც მილიონზე მეტი მოსახლეობაა.

ასევე, კრემლის მოთხოვნით, ცენტრმა შეისწავლა ომის გაგრძელების მხარდაჭერის დამოკიდებულება და მედიის მოხმარება. „ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლებს“ შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა გამოკითხულთა 47%, ხოლო გაგრძელების მომხრეა 35%. თუმცა, სატელევიზიო აუდიტორიაში სამხედრო კონფლიქტის დასრულებას მხოლოდ 22% უჭერს მხარს, ასეთი გამოკითხულთა 68% მისი გაგრძელების მომხრეა.

გამოცემის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა სრული რაოდენობა უცნობია.

კვლევა 2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძანებით ჩატარდა. ოფიციალურად სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი (ВЦИОМ)  ამ მონაცემებს არ აქვეყნებს და კომენტარს არ აკეთებს.

 

 

magti 5g