ტელეკომპანიები: „მთავარი არხი“, „კავკასია“, „TV პირველი“, „ფორმულა“ და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრების კანონპროექტის გამო საპარლამენტო კომიტეტებს წერილით მიმართავენ.
მიმართვის შინაარსის შესახებ მედიაკომპანიების წარმომადგენლებმა დღეს კომიტეტის სხდომაზეც ისაუბრეს, სადაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა.
ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები პირდაპირ და უშუალო ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სარეკლამო ბაზარზე. როგორც წერილშია ნათქვამი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „რეკლამის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებებით ხისტად, დაჩქარებულ ვადებში იცვლება რეგულაციები და, პრაქტიკულად, მინიმუმამდეა დაყვანილი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირების შესაძლებლობა მედიასივრცეში, რაც მედიას დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს და ეგზისტენციალურ პრობლემებს უქმნის.
„ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხდება უპრეცედენტო სისწრაფით, და მედიის წარმომადგენლებმა გვიან, პრაქტიკულად ბოლო მომენტში შეიტყვეს ამის თაობაზე, კანონპროექტი შემუშავებული იქნა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. მედიის წარმომადგენლებს საშუალება წაგვერთვა სიღრმისეულად განგვეხილა კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები“, – წერენ მედიაკომპანიები წერილში.
ისინი ასევე მიმოიხილავენ საქართველოს პარლამენტის გამოცდილებას მაგარი სპირტიანი რეკლამების შეზღუდვასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი სამაუწყებლო ცვლილებების ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ დანერგვის მაგალითს, და აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის პრაქტიკას, რომელზეც მიიჩნევენ, რომ რეგულაციების ცვლილების ეტაპების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
აღნიშნული მაგალითების გათვალისწინებით, ისინი პარლამენტს რეკლამის აკრძალვის დაწესების შესაძლო ეტაპებსა და ფორმებს სთავაზობენ. კერძოდ:
„მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას ის პრინციპი, რომლის საფუძველზეც მაგარი სპირტიანი სასმლის რეკლამის აკრძალვა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად განხორციელდა. ვინაიდან ასეთი საკანონმდებლო პრაქტიკა უკვე არსებობს, შესაძლებელია აზარტული თამაშების კონტექსტშიც ეს მიდგომა გავავრცელოთ.
შესაძლებელია დაწესდეს საათობრივი შეზღუდვები (წყალგამყოფი დრო) და განისაზღვროს დღე-ღამის ის მონაკვეთი, რა პერიოდშიც დასაშვები იქნება რეკლამის განთავსება.
შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვები რეკლამის შინაარსობრივ ნაწილზე, სადაც კონკრეტულად გაიწერება აკრძალვები, მაგალითად აიკრძალება პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, ფრაზები „მოდი და ითამაშე…“ „გარანტირებული მოგება…“ და ა.შ.)
შესაძლებელია განისაზღვროს რეკლამის დრო, რა ქრონომეტრაჟის რეკლამა იქნეს დასაშვები. თუკი რეკლამის განთავსება მოხდება პროგრამაში, ასეთ შემთხვევაში გადაცემის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს შესაძლოა ამონათების, ან ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, გაფრთხილების სახით მიეთითოს, რომ შესაბამის გადაცემაში ხდება აზარტული თამაშების რეკლამირება.
აგრეთვე, სოციალურად პასუხისმგებლიანი რეკლამის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა გაჟღერდეს სლოგანი, რომელიც მაყურებელს შეახსენებს აზარტული თამაშებიდან მომდინარე საფრთხეს და მოუწოდებს მათ სიფრთხილისკენ. (მაგ. გაფრთხილება, რომ პროგრამა შეიცავს აზარტული თამაშების რეკლამას, თამაში იწვევს დამოკიდებულებას და/ან სხვა). მნიშვნელოვანია მედიასთან მიმართებაში კანონში ცვლილების შეტანის დროს საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინება. საერთო ჯამში, კანონი უნდა ამოქმედდეს გონივრულ ვადაში, იმგვარად, რომ მედიას ჰქონდეს საკმარისი დრო ცვლილებებთან ადაპტაციისთვის“, – ვკითხულობთ წერილში.
სათამაშო ბიზნესს ვავიწროვებთ შეგნებულად, რადგან ზიანი არის დიდი: ირაკლი ზარქუა
ანდრია ჯაღმაიძე: იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალული იყოს
თურნავა: არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების ხარჯზე გაიზარდა
ოჯახის წევრის მოთხოვნით, შესაძლებელი გახდება, რომ პირს აზარტული თამაში აეკრძალოს – ფინანსთა მინისტრი
პრემიერი: აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 1 მლნ მოქალაქეს შეეზღუდება