პოლიტიკოსი, ხათუნა სამნიძე გერმანიაში მკურნალობას განაგრძობს.
მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„სალომეს [შვილს] რომ დავინახავ, ჩემი სამყარო იცვლება იმით, რომ მე სიცოცხლე მინდა და მეტირება – ვცდილობ, რომ ეს ემოციები არ ვაჩვენო…“ – ხათუნა სამნიძე შვილთან ურთიერთობასა და დიაგნოზზე
ემოციურ ინტერვიუში პოლიტიკოსი იხსენებს როგორ შეიტყო თავის დიაგნოზის შესახებ და როგორ მიანდო შვილს მასზე ზრუნვა…
„მეხუთე გადასხმას მიკეთებენ, რამდენი დამჭირდება ჯერ არ იცის პროფესორმა, სავარაუდოდ 7-8 გადასხმა დამჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ წამალი მუშაობს, მადლობა ღმერთს და თითოეულ თქვენგანს მადლობა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა…
რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ შემეჩერებინა მკურნალობა, როდესაც მითხრეს, რომ არ ვიცით მოგიხდება თუ არა ეს წამალიო და თან ფასიც რომ გავიგე. ვკითხე ექიმსაც რა მოხდება მკურნალობა რომ შევაჩეროთქო – მითხრა, ეს თქვენი ნებაა, მაგრამ 6 თვე დაგრჩათო… ამ 6 თვეზე 2-3 დღე ვფიქრობდი და საბოლოო ჯამში გადამაფიქრებინეს (მკურნალობის შეჩერება) ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა…
მოკლედ ახლა მეხუთე გადასხმა მაქვს, დამჭირდება მეტი გადასხმა. ჯერ-ჯერობით თანხა მყოფნის, როგორც იცით ჩემმა პროფესორმა წამლის პროვაიდერთან მოლაპარაკებებით შეძლო და ფასი დამიკლეს და ვაგრძელებ მკურნალობას. უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ეს შემიძლია და მივდივარ ნელ-ნელა წინ, უკეთესობისკენ…“ – ამბობს ხათუნა სამნიძე.
ცნობისთვის, ივნისში ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას გადაცემის ფარგლებში გამართული საქველმოქმედო live-მარათონის შედეგად, ხათუნა სამნიძის მხარდასაჭერად 100 000 ლარი შეგროვდა. შეგროვებული თანხა სრულად მისი მკურნალობის კურსის დაფინანსებას მოხმარდება.
