ხათუნა სამნიძე გერმანიაში იმყოფება და მკურნალობის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება. მან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას გადაცემის ფარგლებში გამართული საქველმოქმედო live-მარათონის შედეგად, ხათუნა სამნიძის მხარდასაჭერად 100 000 ლარი შეგროვდა. შეგროვებული თანხა სრულად მისი მკურნალობის კურსის დაფინანსებას მოხმარდება.
„დარწმუნებული ვარ, მეტყობა, რომ ვღელავ, თუმცა ეს მდგომარეობა ჩემთვის უჩვეულოა და მაპატიეთ. მალე ასეთი ლაივ-ვიდეოების ჩაწერასაც ვისწავლი. მინდა, ამ ფორმით გაგიზიაროთ ჩემი და უკვე თქვენი თანამონაწილეობით გამოჯანმრთელების გზა და ეს მოგზაურობა.
უკვე გერმანიაში ვარ და მეორე გადასხმა უნდა გავიკეთო. ასეთი ვიდეოების ჩაწერას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ თქვენ ისეთი რამ გააკეთეთ, ჩემი ღელვა ამასთან რა მოსატანია. სხვადასხვა სიმსივნეს სხვადასხვა ანტისხეული სჭირდება; ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მათგანია უკვე გატესტილი, რომელია ტესტირების პროცესში ან რომელია უკვე დამტკიცებული.
ეს ყოველივე მე და ჩემნაირ ადამიანებს ძალიან დიდ იმედს გვაძლევს – იმედს იმისა, რომ პროგრესი მოგვისწრებს, ამასობაში მკურნალობის ახალ მეთოდზე გადავალთ და ამ გამოწვევას გავუმკლავდებით. რადგან ეს დაავადება ქრონიკულია და არსად მიდის, თუმცა მასთან ერთად ცხოვრება ძალიან დიდხანს არის შესაძლებელი.
არ ვიცი, როგორ ვთქვა, მაგრამ ბედნიერი ვარ. თქვენი, ჩემი მრავალი ახლობლის, ღვთის წყალობითა და ჩემი პროფესორის დახმარებით, მაქვს შესაძლებლობა, დღეს მეორე გადასხმა უნდა გავიკეთო და ეს მიხარია. ხვალ კი უკვე საქართველოში მოვფრინავ“.
