თანამედროვე სერვისულ გარემოში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება სივრცეების ადაპტირების საჭიროება არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. მშობლებისთვის ყოველდღიური ყოფა ხშირად უკავშირდება ისეთ სიტუაციებს, როდესაც სხვადასხვა დაწესებულებაში ვიზიტი ბავშვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისი პირობების უქონლობა კი დამატებით სტრესს ქმნის. სწორედ ამ რეალობიდან გაჩნდა ინკლუზიური საბავშვო კუთხეების მოწყობის იდეა – ინიციატივა, რომელიც აერთიანებს როგორც ბავშვის ინტერესებზე ზრუნვას, ისე ბიზნესის გრძელვადიან სარგებელს. კომპანია „მელიარი“ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებას სთავაზობს ბავშვებზე მორგებული, თბილი და ფუნქციური გარემოს შექმნის სერვისს.
თუთა ჯგუშია, კომპანიის „მელიარი“ დამფუძნებელი:
– მოგეხსენებათ, მშობლები გადაწყვეტილებებს ყოველვთვის იმ გამოწვევების მიხედვით ვიღებთ, რის წინაშეც ვდგებით ხოლმე. „მელიარის“ დაფუძნების იდეა ორი გარემოებიდან გამომდინარე გამიჩნდა. უპირველესად, ეს იყო ბავშვისთვის პირადი სივრცის გამოყოფოს მომენტი – იქიდან გამომდინარე, რომ პატარებისთვის ზოგჯერ ძალიან რთულია საკუთარ ოთახში დამკვიდრება, უნდა შევქმნათ გარემო, სადაც თავის პატარა სამყაროს შექმნის ან ამ სამყაროს ნაწილად იგრძნობს თავს. და ვიფიქრე, რომ შვილის ინტერესების გათვალისწინებით კედლების მოხატვა კარგი გზა იქნებოდა. ამის შემდეგ რამდენიმე კერძო შეკვეთის შესრულებაც მომიწია, რომლებმაც განსაკუთრებით ბავშვების მხრიდან დაიმსახურეს დიდი მოწონება.

მეორე მიზეზი, რომელმაც „მელიარის“ დაფუძნებისკენ მიბიძგა, უკავშირდება სხვადასხვა მომსახურების მისაღებად ისეთ დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობას, სადაც ყოველთვის პრობლემაა ბავშვთან ერთად ყოფნა, უსაშველო რიგის, თუ სხვადასხვა გაჭიანურებული პროცედურის გამო. ასეთ ადგილებში სულ ვეძებდი კუთხეებს, სადაც იქნებოდა თუნდაც ფანქარი და ფურცელი, ბავშვი როგორმე რომ გამერთო და იძულებით არ ყოფილიყო ჩემთან ერთად. სწორედ ასეთი შემთხვევების შემდეგ ვიფიქრე, რომ კედლის მხატვრობის პარალელურად, იქნებ ადაპტირებული სივრცეებიც მომეწყო სხვადასხვა სერვისის მქონე ობიექტებში, იქნებოდა ეს სამედიცინო, საბნაკო, თუ სავაჭრო დაწესებულებები. გარდა ამისა, თუნდაც, ადამიანს საღამოს მეგობართან ერთად გინდა ჩაის, ყავის დალევა, საუბარი, შინიდან 1 საათით მაინც გასვლა, მაგრამ არ იცი, ბავშვი სად დატოვო, არც ის გინდა, თან გყავდეს და ტელეფონი მიაჩეჩო. როცა კვების ობიექტში გეგულება პატარა კუთხე, მინიმალისტური ავეჯით და გასართობი მასალით – საძერწი, ფაზლი, სახატავი, რასაც დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება, ანუ არის ისეთ გარემო, სადაც ბავშვი მიტოვებულად არ იგრძნობს თავს. ნებისმიერ დაწესებულებაში არსებობს ისეთი 2 კვადრატი კუთხე, რომელიც შეიძლება ბავშვებს დაეთმოთ და ის იყოს მათი ინტერესების მიხედვით ადაპტირებული.
რა თქმა უნდა, ასეთი სივრცეების შექმნის ამოსავალი წერტილი ბავშვის ინტერესებზე ზრუნვაა, მაგრამ ბიზნესის კუთხითაც რომ შევხედოთ, მომხმარებელი, რომელიც გარკვეული მომსახურების მისაღებად ჩემთან ვიზიტს არ გადადებს მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ვერსად დატოვა, რადგან ჩემთან ეგულება საბავშვო კუთხე, ისიც და მისი შვილიც, ცხადია, კმაყოფილები და გაუღიზიანებლები წავლენ ჩემგან. თითოეულ კომპანიას შეუძლია ამის მაგალითი შექმნას, განურჩევლად მისი მასშტაბისა, მცირე ორგანიზაცია იქნება თუ მსხვილი კომპანია.

– რა ეტაპებს გადიხარ შეკვეთის შესასრულებლად?
– თავდაპირველად დამკვეთთან ვათანხმებ ილუსტრაციებს, ფერთა პალიტრას, საჭიროა თუ არა კედელზე დაწესებულების ლოგოს აღნიშვნა და ა.შ. ილუსტრაციები ჯერ იქმნება ციფრულად და თანდათან კორექტირდება, რასაც სჭირდება 1-2 დღე. შემდეგ უკვე გააჩნია სამუშაო კედელს. მაგალითად, ერთი პროექტის ფარგლებში, კერძოდ, ბოკერიას კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში 21 კედელი მოვხატე. ზოგადად, ერთი კედლის (რომლის ფართობიც 2-3 კვადრატია ხოლმე) მოხატვას სჭირდება, დაახლოებით, 2-3 დღე, იმიტომ, რომ სრული დატვირთვით ვმუშაობ ხოლმე.
– როგორ უნდა მოგძებნოს დაინტერესებულმა პირმა ან კომპანიამ სათანამშრომლოდ?
– რადგანაც ბოლო დროს სოციალურ ქსელში უფრო ადვილია პროდუქტისა თუ მომსახურების მოძიება, „მელიარს“ იპოვით ფეისბუკზე და ინსტაგრამზე. ჩვენს გვერდებზე ყველა შესრულებული პროექტის ვიდეო და ფოტომასალაა განთავსებული.
– და ბოლოს, სახელწოდების შესახებ.
– ცნობილი ფრაზა „მალიარი ხარ, ბიჭო?“ გახდა ერთგვარი „შთაგონება“. ვიდრე კედლების მოხატვას დავიწყებდი, სრულიად სხვა საქმეებით ვიყავი ხოლმე დაკავებული და როცა ხატვას შევუდექი, ხუმრობით მეც ამ ფრაზით მომმართეს. და მეთქი, კი, რატომაც არა, ოღონდ ის ცოტა გადავაკეთე და ბავშვებისთვის საყვარელ პერსონაჟს, მელიას დავუკავშირე.