ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, ძაღლების იმ ჯიშის გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.
მისი თქმით, როცა პატრონი ძაღლს გაწვრთნის, მას შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს. იოსელიანის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში მოხდება.
„რაც შეეხება აგრესიული ჯიშის ძაღლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან სრული კონსენსუსია, რომ უსაფრთხოების ნორმები არსებობდეს, რათა ფატალური შედეგები არ დადგეს.
განიხილება რამდენიმე ალტერნატივა, ერთ-ერთია ნუსხის განსაზღვრა და ის, რომ ცალკეული ჯიშების მიმართ დადგინდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვა, უსაფრთხოების ვალდებულებების გამოყენება ან ჯიშების გამრავლების და ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვა.
მესამე ალტერნატივაა, რომ სავალდებულო იყოს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან. ამასთან, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს მეპატრონეს. ამ ვარიანტების განხილვა მიმდინარეობს. ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით, რა პრაქტიკაც აქვთ იმის მიხედვით ვმსჯელობთ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც შინაური ცხოველებისადმი სიყვარულით და უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან, საერთოდ აკრძალულია გარკვეული ჯიშები, მაგალითად, პიტბული და სხვა აგრესიული ჯიშები“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კახაბერ იოსელიანმა.
კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს, 16 წლამდე ასაკის პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს
„ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. ეს შეზღუდვა, კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება. თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება , მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა.“
მისივე თქმით, ასევე კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში.
„რა ზომისაც არ უნდა იყოს არააგრესიული ჯიშის ძაღლი, რისკს არ ქმნის, რომ ვიღაც დაგლიჯოს და ასე შემდეგ. განსაზღვრული იქნება დეკორატიული ჯიშის ძაღლებიც, მათ არანაირი შეზღუდვა არ შეეხებათ. მათი ზომიდან გამომდინარე, მათი დამორჩილება მარტივია. ძირითადი უსაფრთხოების საშუალებებია – ალიკაპი, მოკლე საბელი, ან გრძელი საბელი, ასევე ტრანსპორტირებისას მოკლე საბელი, დამატებით ალიკაპი, ან სპეციალური კონტეინერი. აუცილებელია ეს ინტენსიურად გაკონტროლდეს, რაც შემდეგ შედეგს გამოიღებს.“ – აღნიშნა კახაბერ იოსელიანმა.