ალბათობა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, თუმცა არსებობს, ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესტან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მღებრიშვილის თქმით, გამოძიება ჟურნალისტის გაუჩინარებისთანავე დაიწყო.
„გამოძიების ფარგლებში კომუნიკაცია შედგა აზერბაიჯანულ მხარესთან, მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ დაკავებულიქნა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ საზღვრის გადაკვეთის და თანხის გადატანის გამო. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების, ე.წ. მწვანე ზოლის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით მუხთარლის შემთხვევაში ზუსტად მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმეში ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, – განაცხადა მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გადაკვეთის წინასწარ შემუშავებული გეგმა და ეს არ იყო პირველი პრეცედენტი. შს მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნულ გარემოებებს ჯერ-ჯერობით ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მინისტრი ჯერ ვერ საუბრობს, ჰქონდა თუ არა წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს, რომ მუხთარლი საზღვრის გადაკვეთას აპირებდა და ახორციელებდნენ თუ არა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს.
„პარალელურად განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობენ მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი სადიკოვი. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენელი ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ მუხთარლის ადვოკატის განცხადება დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.