LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ანტირეკორდი რონალდოს თვალწინ, დრამა ლაიპციგში და “შავი” სკანდალი პარიზში: ლიგის დღე

134
FORTUNA.GE (15)

ჩემპიონთა ლიგაზე სამ ჯგუფში ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა პლეი-ოფში გასული გუნდების ვინაობა. მთავარი მოვლენა ლამის 1000-დღიანი შესვენების შემდეგ მესისა და რონალდოს კიდევ ერთხელ შეხვედრა უნდა გამხდარიყო, თუმცა პარიზში ისეთი სკანდალი ატყდა, რაც ალბათ სამუდამოდ დარჩება ლიგის ისტორიაში.

 

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილი პირველად დაიკავა 2006 წლის შემდეგ.

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩის საწყის 20 წუთში 2 გოლი პირველად გაუშვა. აქამდე ასეთი რამ “ბარსას” არ დამართნია.

რონალდომ საკლუბო დონეზე 650 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობა 134-მდე გაზარდა.

რონალდომ “ბარსას” 14 გოლი გაუტანა “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 13 მატჩში. ეს კრიშტიანოსთვის ყველაზე წარმატებული საგარეო სტადიონია.

მესიმ 7-ჯერ დაარტყა “იუვენტუსის” კარში (სულ 11-ჯერ). ასეთი რამ ლიგაზე მინიმუმ 17 წელია არ ყოფილა. ეს ლიგის ანტირეკორდია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ (მსგავსი სტატისტიკის გამოჩენის შემდეგ).

“იუვენტუსმა” პირველად მოუგო “ბარსელონას” “ნოუ კამპზე” და ასევე პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც “ბარსელონას” სტუმრად სამი (ან მეტი) გოლი გაუტანა.

 

 

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მეხუთედ ვერ გავიდა.

“მანჩესტერი” მეტოქეს პირველად ჩამორჩა ორბურთიანი სხვაობით 1999 წლის აპრილის შემდეგ, როცა “იუვენტუსთან” 0:2-ის შემდეგ 3:2 გაიმარჯვა.

ანხელინოს (“ლაიპციგი”) გოლი ყველაზე ადრეულია (1:49) “მანჩესტერის” კარში ჩემპიონთა ლიგაზე 2012 წლის შემდეგ.

“მანჩესტერში” ბრუნო ფერნანდეშის დებიუტის (2020 წლის თებერვალი) შემდეგ ევროპის ტოპ 5 ლიგაში არავის გაუტანია უფრო მეტი (13) პენალტი. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს რონალდოსაც.

“მანჩესტერმა” პირველად გაუშვა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში 3 გოლი 2003 წლის შემდეგ. მაშინ “ეშმაკები” ლეგენდარულ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში “რეალმა” დაამწუხრა.

 

 

“ლაციო” ლიგის პლეი-ოფში 2000 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

7 გოლი გაუშვა კეპამ (“ჩელსი”) სეზონის 4 ოფიციალურ მატჩში. ამდენივე გაუშვეს მენდიმ და კაბალიერომ ორივემ ერთად 15 შეხვედრაში.

“ზენიტი” ასეთი ცუდი ლიგის ჯგუფში არასოდეს ყოფილა – 1 ქულა. ბოლოს პეტერბურგელებმა ევროსეზონი უქულოდ 11 წლის წინ დაასრულეს.

 

 

და მთავარი.
დიდი სკანდალი ჩემპიონთა ლიგაზე!

პსჟ-სა და სტამბოლის “ბაშაქშეჰირის” მატჩი 15 წუთში შეწყდა. ფეხბურთელებმა არბიტრი რასიზმში დაადანაშაულეს და პროტესტის ნიშნად თამაში შეწყვიტეს!
თამაში მე-13 წუთზე შეჩერდა. ფეხბურთელებმა მეოთხე არბიტრი სებასტიან კოლცესკუ რასიზმში დასდეს ბრალი, თამაში შეწყვიტეს და პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს (23-ე წთ).
ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
მეოთხე არბიტრმა თურქული გუნდის მწვრთნელის ასისტენტ პიერ ვებოს “შავი” უწოდა, რასაც “ბაშაქშეჰირის” ფეხბურთელის დემბა ბას მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
მატჩი რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. პარალელურად, ორი კლუბის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ შეხვედრა დღეს, ოთხშაბათს მე-13 წუთიდან განახლდება, მსაჯთა ბრიგადა კი შეიცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები