მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოქალაქეები, რომლებიც კერძო და საოჯახო სასტუმროს მფლობელები არიან, ბანკებში სესხის გადახდას ვეღარ ახერხებენ. ისინი მთავრობისგან სესხების პროცენტის გარეშე გადავადებას ითხოვენ.
მათი თქმით, „სვანეთში, პანდემიის გამო ტურისტული სეზონი ჩავარდა. ტურიზმი კი მათი შემოსავლების ერთადერთი წყაროა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა სესხის გადახდას ვეღარ ახერხებს, რის გამოც ბანკები, კერძო საკუთრების ჩამორთმევით ემუქრებიან”.
სვანეთში, კერძო სასტუმროების მფლობელებმა უკვე ორჯერ გამართეს აქცია და მესტიის ცენტრალური გზაც გადაკეტეს. ისინი ეკონომიკის სამინისტროს და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ დრომდე მხოლოდ დაპირებები ისმის და კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
მოსახლეობა მესტიაში სესხების უპროცენტო გადავადებას ითხოვს: აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს