მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ მესტიაში მდინარეების: მესტიაჭალა, მულხურა და დოლრაჭალის ადიდება გამოიწვია. სტიქიამ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. მესტია-ჯახუნდერის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ბოძების დაზიანების საფრთხის გამო, ოპერატიულად ჩატარდა სამუშაოები და შედეგად ელექტოენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.
„ადიდებულმა მდინარემ ორ ადგილას სასმელი წყლის მილები დააზიანა, რის გამოც მესტიის მოსახლეობას წყალი ალტერნატიული წყაროებიდან მიეწოდება. მუნიციპალიტეტში წაღებულია 5 ხიდი – 2 მულახში, 2 ბეჩოში და 1 ლენჯერში. დატბორილია ბეჩოს თემის სოფელ მაზერის მინდვრები და სათიბები“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დოლრაჭალის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. მოვარდნილმა წყალმა კი დაუმონტაჟებელი გაბიონები წაიღო. წაღებულია ასევე სოფელ ჭოლაში მისასვლელი გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც მძიმე ტექნიკა იწყებს მუშაობას, რათა მდინარეს კალაპოტი შეუცვალოს.
„პერიოდულად იტბორება ასევე მესტიის ცენტრალური გზა, სადაც მძიმე ტექნიკის მუდმივი მუშაობის შედეგად მანქანების მოძრაობა არ შეზღუდულა. პირველადი სამუშაოების ჩატარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით უმკლავდება, ხვალ დაითვლება ზარალი და დაიგეგმება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ძირეული რეაბილიტაცია“, – განმარატევნ სამინისტროში.