მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა როგორც შიდასასოფლო გზები, ისე ცენტრალური გზის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები.
სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი სრულად განადგურდა, რის გამოც სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას.
სოფელ მულახში ადიდდა “ხერაშის” ღელე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია.
სოფელ იფარში, მდინარე ლასილურამ სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა სრულად წალეკა. ადგილობრივები ვერ ახერხებენ საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც საქონელი ჰყავთ დატოვებული.
სოფელ ბეჩოს დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
მესტიის მერიის განცხადებით, ზარალის შესწავლა და დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.