ვენეციის კინოფესტივალის პარალელურად, შეერთებულ შტატებში შედარებით მოკრძალებული ტელურაიდის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც მეტიუ მაკკონაჰიც სტუმრობდა ახალი ფილმით „თეთრი ბიჭი რიკი“. იან დემანჟის კრიმინალურმა დრამამ კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რომელთაც მორიგი „ოსკარი“ უწინასწარმეტყველეს მსახიობს.
ამერიკული კინოაკადემიის ფავორიტი მაკკონაჰი 4 წლის წინაც გახდა, როცა პრემიით მისი ფილმი „დალასის მყიდველთა კლუბი“ აღინიშნა, წელს კი, კრიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მსახიობი აუცილებლად მიიღებს „ოსკარს“ მეორე პლანის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.
კინოაკადემიის საყვარელ ჟანრში გადაღებული „თეთრი ბიჭი რიკი“, რიჩარდ ვერშა-უმცროსის რეალური ისტორიის მოტივებზე შეიქმნა, რომელიც 1980-იან წლებში ჯერ პოლიციის საიდუმლო ინფორმატორად მუშაობდა, მერე ნარკოტიკებით დაიწყო ვაჭრობა, დაპატიმრებულმა კი, სამუდამო პატიმობა მიიღო.