დღეიდან თბილისის მეტროს სავაგონე პარკს შეემტა მოდერნიზებული ვაგონების (4 ვაგონი) ახალი შემადგენლობა.
როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული შემადგენლობა ყოველდღიურად მოემსახურება მგზავრებს და უფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის თბილისის მეტროთი მგზავრობას.
“ვაგონების მოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს, მთლიანად შეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, ძველი სანათები ახლი შუქდიოდური სანათებით ჩანაცვლდა, მემანქანის კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით აღნიშნული შემადგენლობა აღიჭურვა – მემანქანის ბაქნის საკონტროლო კამერებით შემადგენლობის ორივე მხრიდან, თითოეულ ვაგონში დამონტაჟდა ორი შიდა დაკვირვების კამერა და ოთხი მონიტორი,”- განაცხადეს კომპანიაში.
თბილისის მეტროს სავაგონე პარკის განახლება და მოდერნიზება მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ 2016 წელს დაგეგმილია კიდევ 8 ვაგონის რემონტი. აღნიშნული პროექტის მიზანია მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო სერვისის შეთავაზება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება.