მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობის ძირითადი ნაწილი თვის ბოლოს დასრულდება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე უკვე დამონტაჟდა მეტროს ამოსასვლელები.
როგორც „ფორტუნას“ მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა, მთავარი სამუშაოები დასრულებულია, დამონტაჟებულია ექსკალატორებიც. თვის ბოლოდან კი მეტროსადგური ფუნქციონირებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს.
„თითქმის ყველა ძირითადი სამუშაო მოვრჩით. ახლა მუშაობა მიმდინარეობს ნაკლოვანებების გამოსწორებაზე. თვის ბოლოს ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერიც დასრულდება და „უნივერსიტეტი“ სატესტო რეჟიმში გაეშვება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჟულაძემ „ფორტუნასთან“.
თბილისში რიგით 23-ე მეტროსადგური ”სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს უკვე სექტემბრიდან მიიღებს.
მეტროსადგურ უნივერსიტეტს 4 ამოსასვლელი ექნება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა. ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები სრულად დასრულებული არ არის.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო “ასიგნია კობრა” ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიამ” მოამზადა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.
თამთა უთურგაშვილი