საპატრულო პოლიცია მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს.
მონიტორინგი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით ხორციელდება.
შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ.
კონტროლი საპატრულო პოლიციის მიერ მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.