“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მისი კოლეგა მირანდა ბაღათურია გამოეხმაურა.
როგორც ის ყვება, 5 ივლისს გადაღებაზე ერთად იმყოფებოდნენ. “მეუბნებოდა, შენ რომ რამე მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო”.
“ბოლოს ვნახე გუშინ. თუ მის ფიზიკურ მდგომარეობას გულისხმობთ, დადიოდა საკუთარი ფეხით, თუმცა ძალიან მძიმე ტკივილებს განიცდიდა და ამბობდა, რომ უკვე ჩემი ცხოვრების ჩვეული სტილია, ისე მტკივა, ვეღარც ვხვდებიო.
მთელ მედიაკორპუსს გაგვისწორდნენ სასტიკად, მაგრამ ჩვენ ვიყავით დახურულ სივრცეში, გასაქცევიც არსად გვქონდა… სულ მაგას ამბობდა, ყოველ შემთხვევაში, როცა მეგონა რომ გადარჩა, ამბობდა შენ რომ რამე მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო, ერთადერთი მაგაზე ვფიქრობდი, რომ რამე არ დაეშავებინათ შენთვისო“, – ამბობს მირანდა ბაღათურია.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.