საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება. აღნიშნულის შესახებ მეუფემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ აიძულა ყოფილი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ვერსია შეეცვალა და საზოგადოებისთვის სიმართლე არ ეთქვა, ქორეპისკოპოსი ასე პასუხობს, რომ „ეს ერთ-ერთი ბიზნესმენია“.
მეუფე აღნიშნული პირის სახელსა და გვარს არ ასახელებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული პირი პატრიარქთან მივიდა და შესთავაზა “დაესვენა”.
ამასთან, ქორეპისკოპოსი იხსენებს კვირკაშვილთან, გახარიასა და გომელაურთან საუბრის დეტალებს. თემა ე.წ ციანიდის საქმე იყო.
„მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც მერე უწმინდესთან მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა- დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ ამას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ მას“, – აცხადებს მეუფე იაკობი.