2019 წლის 31 ოქტომბერს მეუფე პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურება აეკრძალა. მას შემდეგ დაიწყო არეულობა მარტვილში. გამოიკვეთა, რომ ახალი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ეპარქიაში მრევლმა “არ მიიღო”.
„მეუფე პეტრე ცაავას ეპარქიაში ჰყავს მხარდამჭერები და დაპირისპირებული მხარეების არსებობა მუდმივ დაძაბულობას იწვევს“, – თქვა გრიგოლ კაციამ ეპარქიიდან წასვლისას.
მან ასევე დასძინა, რომ სთხოვდნენ, რამდენიმე დიაკონის გათავისუფლებას, რაც არ გააკეთა.
11 თებერვლის სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მიტროპოლიტი იქნებოდა.
ახლადდანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ გადაწყვიტა, რომ ორი დიაკონისთვის, უფლებამოსილება შეეჩერებინა.
შედეგმაც არ დააყოვნა, მრევლი მას დაუპირისპირდა. ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მეორე სართულიდან გადავარდა ათამდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტი იყო.
როგორ ხსნის მომხდარს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა
„რაც ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა. როგორც იესო ქრისტეს ადანაშაულებდნენ, ურჯულოებაში, ისე მადანაშაულებენ მეც. ზოგადად გადაბრალება ბიბლიური ცოდვაა, გადაბრალების ცოდვამ დააკარგინა საბოლოოდ სამოთხე კაცთა მოდგმას. ძალიან ცუდ მაგალითს იძლევიან უსირცხვილო იერარქები, როდესაც გადაბრალების ცოდვით არიან დაკავებული იმის მაგივრად, რომ აღიარონ რჯულის კანონი ფეხქვეშ არის გათელილი და დაუბრუნდნენ კანონიკური სამართლის ჩარჩოებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს კრიზისი მოგვარდეს კანონიკური სამართლის მიხედვით, მაგრამ ვაი, რომ, მტრობენ ეკლესიას ზოგი მიზანმიმართულად, ზოგი უნებლიედ. საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებში გაქარწყლდეს რწმენა და დაბრკოლდეს მთელი ერი. მათ პასუხი ღვთისა და ერის წინაშე მოეთხოვებათ“, – ამბობს მეუფე პეტრე.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში მთავარი დამნაშავე პატრიარქია.
„ყველაფერში უშუალო დამნაშავე არის საქატრიარქოს პირველი პირი, ანუ პატრიარქი, რომელიც უსამართლობითა და უკანონობით ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ერს. მღვდელმსახურებს იყენებს როგორც კერპთაყვანისმცემლებს“. – აცხადებს მეუფე პეტრე.
კითხვაზე, როგორ შეიძლება ჭყონდიდის ეპარქიაში დალაგდეს სიტუაცია, მეუფე პეტრე პასუხობს.
„ჭყონდიდის ეპარქიაში სამართლიანობას მიჩვეული სამღვდელოება და მრევლი ვერ შეეგუება უსამართლობას, თვალს ვერ დახუჭავს და ყურს ვერ დაიხშობს. სანამ უკანონოდ დაკავებული დეკანოზი მამალაძე არ გათავისუფლდება, ვერაფერი დალაგდება. ეს ცოდვა მძიმედ აწევს საპატრიარქოს.
უნდა გადადგას საპატრიარქომ ნაბიჯი და დეკანოზი მამალაძე უნდა გამოიყვანოს საპატიმროდან, რადგან ის პატრიარქის პირადი პატიმარია და მეორე, საპატრიარქომ მიტროპოლიტ პეტრეს უნდა მოუხსნას უკანონო სასჯელი, რომელიც მას დაადო 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე“. – ამბობს მეუფე პეტრე.
ვიდეო: ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა - დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც
„მოვითხოვთ, ეკლესიაში აღდგეს საეკლესიო სამართალი. წაყენებული ბრალდება იქნეს გამოკვლეული. სასულიერო პირებზე ამდენ მითქმა-მოთქმას ბოლოს და ბოლოს დაესვას წერტილი, სანამ არ დაბრკოლებულა მთლიანად მრევლი და ბოლომდე არ დაცემულა საპატრიარქოს ავტორიტეტი,"
მეუფე პეტრე ამბობს, რომ ჭყონდიდის ახალმა მეუფემ მრავალი შეცდომა დაუშვა, თუმცა მზადაა დაეხმაროს.
„მიტროპოლიტმა სერაფიმემ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა პირადად ჩემთან მიმართებაში 2017 წლიდან დღემდე. ის აცდენილია ქრისტეს მსახურებას. ის არის საპატრიარქოს ბანძი დამკვეთების დაკვეთის შემსრულებელი.
მის უგუნურ და უსამართლო მსახურებასთან არაფერი მაქვს საერთო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი ეკლესიის და ეპარქიის გადასარჩენად მზად ვარ, თუ გონს მოვა, დახმარების ხელი გავუწოდო.
კრიზისს სჭირდება მართვა. ფაქტია, რომ 4 წელია საპატრიარქოს კრიზისის მართვის ე.წ. ჯგუფი ე.წ. ქალბატონის პატრიარქის მდივან-რეფერანტის ხელმძღვანელობით ამას ვერ ახერხებს. დრო მუშაობს საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამიტომ ცვლილებები აუცილებელია.
მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს.
მოსანანიებელი აქვს საქართველოს კათოლიოკოს პატრიარქს, იმისთვის, რომ 1977 წლიდან დღემდე საპატრიარქოში უწმინდურობის, უკანონობისა და ძალმომრეობის მრავალრიცხოვნობაა. შესაბამისად მეუფე პეტრეს მოსანანიებელი არაფერი აქვს, იმიტომ რომ ის ემსახურება სიმართლეს და სიმართლეშია ღმერთი. მოსანანიებელი აქვთ მათ საკუთარი უსამართლო გადაწყვეტილებები“. – ამბობს მეუფე პეტრე.
როგორ აფასებს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი
ჭყონდიდის რეზიდენციაში რაც მოხდა, შტურმის გარდა სხვა სახელი არ შეეფერება. ეს ერთადერთი სიტყვაა, რაც აღწერს მომხდარს” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი “ფორტუნასთან” საუბრისას და დასძენს: კომენტარები იყო, რომ ხალხი გადმოყარეს ეპარქიიდანო. რა თქმა უნდა, ვიღაც დამიჯერებს და ვიღაც არ დამიჯერებს, მაგრამ მე მოგიყვებით, რა მოხდა.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სულ ცოტა ხნის წინ იყო სინოდის სხდომა. ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც მანამდე ცაგერისა და ქვემო სვანეთში მსახურობდა. მეუფე სტეფანემ არაერთი მოწოდების მიუხედავად შეუჩერა მსახურება ამ ორ დიაკონს. ყველანაირი უფლება აქვს ეპისკოპოსს, რომ შეუჩეროს მსახურება, ამან გამოიწვია უკმაყოფილება მრევლში.
მრევლი არ შეიძლება, რომ რევოლუციური გზით გამოხატავდეს თავის აზრს. მეუფე სტეფანეს არანაირი ვალდებულებ არა აქვს, რომ ახსნა – განმარტება გააკეთოს თავის გადაწყვეტილებაზე.
უბრალოდ მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც საუბარი იყო, მათ საქმიანობაზე.
მერე რაც მოხდა და ვინ მოაწყო ეს ყველალფერი ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, რომ მქონდეს, აუცილებლად მოგიყვებოდით,
მათ დარბაზი აიღეს კრებაზე, ე.წ. მრევლი შეუვარდა კრებაზე და ე.წ. სასიქადულო ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ყველაფერში. მოხდა ძალიან ცუდი რამ, გაუბედურებული და ფარფატა აივანი გადატყდა.
ოღონდ სხვადასხვა ტელევიზია ამ ამბავს სხვადასხვანაირად აშუქებს. ვინ რას დაიჯერებს სხვა თემაა. ეს ნამდვილი კრიმინალია და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? რა თქმა უნდა, ამ ჩვენ გამოჩენილ და სასიქადულო ტელევიზიებს რომ ჰკითხო, ყველაფერი მეუფე სტეფანეს ბრალია.
დღევანდელი ტელევიზიები, ცხადია, ვიღაცის დაკვეთით საზოგადოებაში ავრცელებენ შხამს.
მაგრამ მოდით, თვითონ ამ ტელევიზიებსაც ნუ შევხედავთ ნეგატიურად. უნდა ვაღიაროთ, რომ ნეგატივზე საზოგადოების დაკვეთაა. რომ შემეძლოს ოდესმე გავაკეთებ ტელევიზიას და დავარქმევდი „პოზიტივს“. ვხუმრობ, ამის საშუალება მე არ მაქვს. ამ ნეგატივს მაინც საზოგადოება ითხოვს. როგორც ამბობენ, ეს გარკვეული ნეკროფილიაა, ადამიანებს აქვთ მიდრეკილება აგრესიისკენ. თუმცა იგევე ტელევიზიები ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ნამდვილად“, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი „ფორტუნასთან“ საუბარში. .