ასობით ადამიანს, ვინც თაღლითური სქემის შედეგად ბინა დაკარგა, ახლა იმედი გაუჩნდა, იმედი, რომ წლების წინ წართმეულ უძრავ ქონებას დაიბრუნებენ.
ზუსტი სტასტიტიკა არ არსებობს, მაგრამ როგორც ამ მიმართულებით მომუშავე იურისტები ამბობენ, ასობით პირია, ვინც იძულებული იყო სესხის ასაღებად მევახშეებისთვის მიემართა, შემდეგ თანხას აბრუნებდა, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა მევახშე უარს ამბობდა და ბინას ისაკუთრებდა.
დღეს დაზარალებულების დასახმარებლად შექმნილია მშენებლობით და იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება, რომელმაც უკე შექმნა პრეცედენტი, გამოავლინა კონკრეტული მევახშეები და მათ წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმეც კი არის აღძრული. უკვე არის იმის პრეცედეტიც, რომ დაზარალებულს უძრავი ქონება დაუბრუნდა. სწორედ ამიტომ, რადიო “ფორტუნა” ამ თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება და ამ კონკრეტული ქეისების მაგალითზე გეტყვით, როგორ უნდა დაიცვათ თავი თაღლითური სქემებისგან.
როგორ გატყუებთ მევახშე
ცოტა შორიდან დავიწყოთ და გავიხსენოთ, რომ ზოგადად, მევახშეების პრობლემა საქართველოსთვის ახალი არაა. ისინი ყოველთვის იყვნენ და თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ, მაგრამ როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ადრე მათი ყველა ნაბიჯი ასე თუ ისე კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული, მაგრამ მოგვიანებით ბაზარზე გაჩნდა ახალი რეგულაციები.
ამ რეგულაციებით, ფიზიკურ პირს აეკრძალა, მეორე ფიზიკური პირის ბინის იპოთეკით დატვირთვა. სწორედ ასე იგეგმებოდა მევახშეების ინსტიტუტის დანგრევა, მაგრამ ამის ნაცვლად საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მათმა საქმიანობამ ე. წ. ჩრდილოვანი სახე მიიღო და სწორედ აქედან იწყება ის პრობლემები, რაც საბოლოოდ ადამიანებისთვის ბინის დაკარგვით სრულდება ხოლმე. პირებმა, ვინც თანხას სესხით გასცემდა, დაიწყეს ერთგვარი თვალთმაქცური ხელშეკრულების გაფორმება, სადაც არც სიტყვა “სესხია” ნახსენები, არც პროცენტია მითითებული, არც ის, რომ თანხის დაბრუნების შემდეგ, მსესხებელს ბინა ისევ უკან უბრუნდება. გამოდის, რომ ეს არის არა სასესხო, არამედ ნასყიდობა–გამოსყიდვის ხელშეკრულება, რაც მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ისინი ახერხებენ და შეცდომაში შეჰყავთ საგამოძიებო უწყებები, რომ თითქოს მათ თანხა არ გაუსესხებიათ და უძრავი ქონებაც თავად შეიძინეს. საბოლოოდ, გამოძიება ბინადაკარგულ ხალხს სასამართლოში ამისამართებს, თითქოს ეს სამოქალაქო დავაა. იურისტების თქმით, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა.
რა სქემით დაუბრუნდება დაზარალებულს წართმეული ბინა
მშენებლობით და იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების თავმჯდომარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ მევახშეების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და გამოძიება კონკრეტული მევახშის – გივი აზმაიფარაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. როგორც ირკვევა, მას არაერთი ოჯახისთვის აქვს ქონება წართმეული. მას თავის დროზე არაერთი ადამიანი გამოუსახლებია ბინიდან. სწორედ, ამ დაზარალებულებმა მტკიცებულებები გაერთიანებაში მიიტანეს, ერთიანი სარჩელი დაიწერა და ასე მიმართეს ფინანსურ პოლიციას.
რადიო “ფორტუნა” დაინტერესდა, რა შანსი აქვთ ახლა ამ პირებს, რომ წლების წინ წართმეული უძრავი ქონება დაიბრუნონ.
მევახშეების თაღლითური სქემა – როგორ კარგავენ ბინებს მოქალაქეები
სამწუხაროდ, მიღებული პრაქტიკაა - ეუბნებიან კლიენტს, რომ ასეთი ხელშეკრულება უნდა იყოს, სხვაგვარად თანხის გასესხება აკრძალულია და ხალხიც თანხმდება.
“მთავარია, რომ გამოძიება დაიწყო. ეს ადამიანები, ვინც მის მიერ არის დაზარალებული, მათ პროკურატურა ცნობს დაზარალებულად, შემდეგ მევახშის ქონება დაყადაღდება და გამოძიების დასრულების შემდეგ დაზარალებულებს დაუბრუნდებათ თავიანთი კუთვნილი ბინები. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებობს მევახშეების ორი კატეგორია. ერთი, რომელიც ფულს იბრუნებს და ბინასაც ისევ უკან აძლევს მსესხებელს და მეორე – ვინც თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობს და უძრავ ქონებას ითვისებს. ზოგი ადამიანი აგრესიით უყურებს ჩვენს ასოციაციას. ჩვენი პოზიცია ის არ არის, რომ მოქალაქემ თანხა არ გადაიხადოს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, დაუბრუნდეთ ეს თანხა გამსესხებლებს, მათ შორის ის სარგებელი, რაც მოლაპარკბეის დროს ჰქონდათ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მევახშეებზე, ვისაც თანხას უბრუნებდნენ, მაგრამ უარს ამბობდა, რათა ბინა დარჩენოდა”, – ამბობს გაერთიანების ხელმძღვანელი გიგა წულეისკირი.
დაზარალებული, რომელსაც ბინა უკვე დაუბრუნეს
ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთ კონკრეტულ მაგალითზე მოგვეყოლა, თუ როგორ დაიბრუნა მოქალაქემ მევახშის მიერ წართმეული უძრავი ქონება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კონფიდენციალობიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ არც დაზარალებულს და არც მევახშეს, რადგან წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა საქმე მოლაპარაკების გზით გადაწყდა.
როგორც ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას, მიმდინარე წელს, მარტში, დაზარალებულ რ. კ. –ს და მევახშე თ. ყ. –ს შორის დაიდო ხელშეკრულება. როგორც ჩანს, მოქალაქეს თანხა – 15 ათასი დოლარი სასწრაფოდ სჭირდებოდა და ამისთვის მზად იყო მისი უზრუნველყოფა 150 ათას დოლარად შეფასებული ბინით მოეხდინა. როგორც გაირკვა, მევახშემ, ბინის მისაკუთრება სცადა, მოახერხა კიდეც, ის გადაიფორმა და აპირებდა რეალიზებას.
უკვე ივლისში, როცა საქმეში მშენებლობით და იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ჩაერთო საქმეში, ვითარება შეიცვალა, მევახშეს სამართალწარმოების მასშტაბურობის შეეშინდა და ბინა მფლობელს დაუბრუნა.
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ იძულებული ხართ თანხა ფიზიკური პირისგან ისესხოთ
- არ გააფორმონ თვალთმაქცური გარიგება;
- რა პირობებზეც მოილაპარაკეს მხარეებმა, ხელშეკრულებაც იმაზე უნდა გაფორმდეს;
- ხელშეკრულებაში უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს თანხა არის ნასესხები ბინის სანაცვლოდ;
- თუ უკვე გააფორმეთ ნასყიდობა–გამოსყიდვის ხელშეკრულება და დაზარალებული ხართ, არ დაიწყოთ სამოქალაქო წესით დავა, რადგან იურისტების თქმით, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა;
- მიმართეთ მშენებლობით და იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციას. იურიდიული კონსულტაცია უფასოა.