LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის(16-22 ივნისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

661
მიხეილ ცაგარელი

შაბათს, 21 ივნისს მზე გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. ადამიანებში მეტად განვითარდება ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიცია, ოჯახის და ნათესაურ ურთიერთობათა მნიშვნელობა, ასევე გაძლიერდება ეროვნული ფასეულობებისადმი სწრაფვა. მიუხედავად მზის პოზიტიური ზეგავლენისა, დედამიწის ენერგოველი ჯერ კიდევ ნეგატიურია, რაც მოითხოვს მეტ წინდახედულობას, სიფრთხილესა და ყურადღებას. ურთიერთგაგების ხარისხი ადამიანებს შორის კვლავ დაბალია.

დღის ფონზე მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, არასტაბილურობა, პროტესტი და სხვადასხვა სახის პრობლემათა წარმოშობა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და მოერიდეთ ურთიერთობების ზედმეტ დაძაბვას.

ვერძი – ამ პერიოდში სწრაფად დაღლის ტენდენცია საგრძნობლად იჩენს თავს. შესაძლოა ზოგიერთ ურთიერთობას წერტილი დაესვას ან დაიწყოს გარდაქმნის პროცესი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ირგვლივ ატმოსფერო დაძაბულია. მაღალია არასწორი ინფორმაციის მიღებისა და მოტყუების რისკი, ამიტომ ნებისმიერი სახის მონაცემი გადაამოწმეთ. თავი შეიკავეთ ხელშეკრულებების დადებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ყურადღებით განიხილეთ ყველა დეტალი. სიფრთხილე და ტაქტი გმართებთ და-ძმებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას, რათა არ გაღრმავდეს კონფლიქტები.

კურო – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემა არ გაწუხებთ. ამ პერიოდში საკმაოდ ორგანიზებული, დისციპლინირებული და ენერგიული ხართ, რაც ხელსაყრელია ბიზნესპროექტებში ჩასართავად და ფინანსური სარგებლის მისაღებად, მათ შორის წარსული საქმიანობებიდან. მიუხედავად ამისა, მოერიდეთ დაუგეგმავ ფინანსურ ხარჯებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ზედაპირულ რეაგირებას. ოჯახის საკითხებში მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები, შესაძლოა ადგილსამყოფლის შეცვლაც კი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჯერჯერობით გადადეთ. ოპტიმიზმი თქვენი მთავარი მოკავშირეა, რაც მეტად დაეყრდნობით პოზიტიურ განწყობას, მით უკეთ წარიმართება ეს კვირა.

ტყუპები – ენერგეტიკული ფონი კვლავ დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილურია. მოერიდეთ გადაღლასა და გაციების რისკს. მიუხედავად ამისა, საქმიანი შესაძლებლობები გაჩნდება. შესაძლოა ქვეცნობიერმა შიშებმა ან არაადეკვატურმა ემოციურმა რეაქციებმა დაძაბონ თქვენი ყოველდღიურობა. გაძლიერდება ზეწოლა ხელმძღვანელობისა და მშობლების მხრიდან, რაც გაღიზიანებას გამოიწვევს. ვალდებულებებისადმი თქვენი არასერიოზული დამოკიდებულება შესაძლოა განხილვისა და უკმაყოფილების საფუძველი გახდეს, რაც თავის მხრივ ჭორების და კონფლიქტების კერა გახდება. ამავდროულად, შესაძლებელია საინტერესო ადამიანების გაცნობა და იდეების რეალიზაცია. მიუხედავად სირთულეებისა, ეს პერიოდი პერსპექტიულია.

კირჩხიბი – თქვენთვის რთული და დაძაბული პერიოდია. აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე და ემოციების კონტროლი. მოერიდეთ პროვოკაციებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს. მოსალოდნელია ფარული მტრობის, ჭორების და ინტრიგების გააქტიურება. იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობა, განსაკუთრებით – ინფორმაციის დაუდასტურებელი წყაროებიდან მიღებისას. შესაძლოა ფინანსური დანახარჯების საჭიროება გაჩნდეს და გარკვეული გეგმები შეიცვალოს. კონფლიქტის ალბათობა მაღალია ხელმძღვანელთან, ამიტომ დიპლომატიურობა აუცილებელია. მიუხედავად ამისა, შეინიშნება გარკვეული ადამიანების მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის ტენდენცია.

ლომი – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური. ხართ ინიციატივიანი, გონებამახვილი, აქტიური და გამორჩეული ორგანიზატორი. ხელსაყრელი პერიოდი დგება საქმიანი და პიროვნული რეფორმებისთვის. ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ, რადგან კონფლიქტური ტენდენცია საკმაოდ მაღალია. ოპტიმისტური განწყობა და დადებითი მუხტი წარმატების საწინდარია. პირად ურთიერთობებში ყურადღების გამოხატვა. მაგალითად, საჩუქრის ჩუქება – გააძლიერებს ურთიერთობას და გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას.

ქალწული – მოერიდეთ გადაღლას. მიეცით საკუთარ თავს დასვენების და სრულფასოვანი ძილის უფლება. სამუშაო გარემოში მაღალია დაძაბულობისა და კონფლიქტური ტენდენციების ალბათობა, განსაკუთრებით კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. პოზიტიური ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენს კარიერულ განვითარებასა და სტაბილურობაზე. შესაძლოა გარე ცვლილებებმა გავლენა იქონიოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და პროფესიულ გარემოზე. მოერიდეთ არაადეკვატური ადამიანების გავლენას, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.

სასწორი – ენერგოტონუსი სტაბილურია, ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის. ხართ აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური. თუმცა, დედამიწის ენერგოველის ზოგად უარყოფით ფონზე, გარკვეული სიფრთხილე მაინც აუცილებელია. მოსალოდნელია უსამართლო მოპყრობა, მორალური და ეთიკური ნორმების დარღვევა, ასევე ვალდებულებების შეუსრულებლობა სხვების მხრიდან. შესაძლოა აღმოჩნდეთ ფინანსური დანაკარგების წინაშე და მეტისმეტად დამოკიდებული გახდეთ პარტნიორების მხარდაჭერაზე. მოგზაურობებთან მიმართებით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო – არ არის რეკომენდებული საქმიან მივლინებაში ან მოგზაურობაში გამგზავრება, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში.

მორიელი – საკმაოდ რთული პერიოდია. ჯანმრთელობა მერყევია, იზრდება გადაღლისა და გაციების რისკი. მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვა და ემოციური ბალანსის შენარჩუნება. პარტნიორულ ურთიერთობებში გაღრმავდება დაძაბულობა, შესაძლოა წარმოიშვას უთანხმოებები. გირჩევთ, მოერიდოთ სარისკო პროექტებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს. პარტნიორის მხრიდან მოსალოდნელია მცდელობა, დაგითანხმოთ გაურკვეველ და არასტაბილურ საქმეებში – მსგავსი შეთავაზებები სჯობს თავშეკავებით მიიღოთ. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს და საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ – დუმილი ამ ეტაპზე ყველაზე უსაფრთხო სტრატეგიაა.

მშვილდოსანი – მიუხედავად იმისა, რომ გარედან ზეწოლა და ნეგატიური ზემოქმედება ძლიერია, ენერგეტონუსს არ უჩივით. ხართ აქტიური, ენერგიული, ლიდერული თვისებებით გამორჩეული. თუმცა, აუცილებლად შეხვდებით სირთულეებს, რაც საჭიროებს დიპლომატიურობას და პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას — მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებსა და აგრესიას. პარტნიორული ურთიერთობების სტაბილურობა დიდ როლს შეასრულებს თქვენი ფსიქოემოციური ფონის შენარჩუნებაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და ნიჭის რეალიზაციისთვის.

თხის რქა – ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება – არ გადაიღალოთ და ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას. საქმიან და პირად კონტაქტებში სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ პერიოდში კამათი და გაუგებრობები მარტივად გადაიზრდება კონფლიქტებში. მოვლენები, რომლებიც ამ კვირაში განვითარდება, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს თქვენი პროფესიული საქმიანობის ხარისხსა და პროგრესზე. ურთიერთობები იქნება დაძაბული როგორც ოჯახის წევრებთან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან. თავი აარიდეთ სიჯიუტესა და სიხისტეს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას და ეცადეთ მათთან ემოციური კავშირი შეინარჩუნოთ.

მერწყული – ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინტუიციამ შესაძლოა სწორი გადაწყვეტილებები მიგაღებინოთ. თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილური პარტნიორული ურთიერთობები – სწორედ ეს გიზრდით თავდაჯერებას. თუმცა, ამ ეტაპზე მოსალოდნელია სირთულეები და კონფლიქტები როგორც საქმიან, ისე რომანტიკულ ურთიერთობებში. შესაძლებელია, რომ დარჩეთ პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. ასევე არსებობს ალბათობა, რომ ადრეულ მოლაპარაკებებსა თუ შეთანხმებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რაც ახალი ალტერნატივების ძიებას გაიძულებთ. ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებით, დოკუმენტაციას საგულდაგულოდ გადახედეთ.

თევზები – ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. მიუხედავად ამისა, კვირას გარკვეული დადებითი შესაძლებლობები გაჩნდება. მთავარია, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და ახლობლებთან. გარშემომყოფთა მხრიდან გაძლიერდება პრეტენზიები, რამაც შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში გულგატეხილობა ან დაშორებაც კი გამოიწვიოს. სარემონტო სამუშაოების დაწყება რეკომენდებული არ არის. ფინანსების მხრივ თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან. ამავდროულად, თქვენი გავლენა კოლეგებსა და მეგობრებზე იზრდება. ინტუიციის წყალობით, შესაძლებელია რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღება.

გეომაგნიტური დღეები: 18, 19, 20 ივნისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები