LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ დუნდუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესით კმაყოფილი არ არის

48

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესით კმაყოფილი არ არის. როგორც მან  ,,ფორტუნას” განუცხადა, შეიძლებოდა, პროცესი უკეთესი მიმართულებით წარმართულიყო.

,,კანდიდატებს პიროვნულად ვერ შევაფასებ, პირადად არ ვიცნობ მათ და პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვის წარუდგენს პარლამენტს. გულდასაწყვეტი ისაა, რომ შეიძლებოდა პროცესი უკეთესი მიმართულებით წარმართულიყო.  მხოლოდ რეზიუმე და სამუშაო გამოცდილება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პარლამენტმა 7-წლიანი ვადით აირჩიოს პირი, რომელსაც ამ ვადის განმავლობაში უფლებამოსილებას ვერ შეუჩერებს”, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, პარლამენტმა კანდიდატს იმ პროგრამის და პლატფორმის საფუძველზე უნდა დაუჭიროს მხარი, რისი გაკეთებაც კანდიდატს სურს. მისივე აზრით, კანდიდატთა შერჩევის პროცესში დიალოგი და კონსულტაცია პარლამენტის წევრებთანაც უნდა მიმდინარეობდეს. კანდიდატები მათთან უნდა შეთანხმდეს და კონსესუსის საფუძველზე ერთობლივი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

,,თუ ეს საკითხი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის შეთანხმებული არაა, პროცესი შეიძლება წყლის ნაყვას დაემსგავსოს”, – მიიჩნევს დუნდუა.

მის მოსაზრებას არ იზიარებს ექსპერტი რომან გოცირიძე. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევის ეს ფორმა პრეზიდენტმა აირჩია და მას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ ვინმეს რამე შეუთანხმოს.

,,პრეზიდენტს სრული უფლება აქვს ვინც უნდა ის წარადგინოს. კანდიდატურის წარდგენა კი ნებისმიერ ადამიანს შეეძლო და ამაში შეზღუდული არავინ იყო. კანდიდატების უმრავლესობა ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია. ჩვენ პირადად შევხვდებით და გავეცნობით მათ. შერჩეული კანდიდატების ხედვას კი პირად საუბრებში მოვისმენთ”, – განმარტა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატურაა წარდგენილი. საბჭოს წევრობის კანდიდატებად არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ფაილოძე, გიორგი ბაქრაძე, მაია მელიქიძე, კობა გვენეტაძე და თემურ ჭეიშვილი განიხილებიან.

ახალი წევრი საბჭოში გიორგი ქადაგიძის ადგილს დაიკავებს.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უკვე საბჭო აირჩევს, რაც იმას ნიშნავს რომ მიმდინარე პროცესის შედეგად შერჩეული კანდიდატი, შეიძლება ბანკის პრეზიდენტი არ გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g