საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს მომზადებული და კარგი შედეგებით ხვდება.
ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ როგორ წავიდეს წინ და მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას.
“ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რადგან ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა უბრალოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი მომავალი ევროკავშირში”, -აღნიშნა მინისტრმა.
