უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად სუსტდება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, რუსთავის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ სააკაშვილს პატიმრობისას ოთხი კრიზისული პერიოდი ჰქონდა.
როგორც დენისოვამ აღნიშნა, სააკაშვილს მიიჩნევს, რომ ის პუტინის პატიმარია და რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. მან ასევე თქვა, რომ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ პროცედურული დარღვევებს საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრაზე განიხილავს.
„ჩემი სიცოცხლე არის კითხვის ნიშნის ქვეშ, სააკაშვილი თვლის, რომ ის არის პუტინის პატიმარი. მან თქვა, რომ არ უნდა, დააზიანოს უკრაინა და არ უნდა სისხლისღვრა საქართველოში. რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, ჩვენ განვიხილეთ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები. ის მოითხოვს ამ სისხლის სამართლის საქმეების საჯარო განხილვას სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს მიერ ხდება ამ მოთხოვნის იგნორირება,“- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტმა ასევე უთხრა, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა არ ხდება, სადაც ის საკუთარი თავის დაცვას შეძლებს.
„ის ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც არის ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა. ასევე ირღვევა გონივრული ვადის სტანდარტი – 8 წელი სისხლის სამართლის საქმის განსახილველად არ არის გონივრული ვადა“- განაცხადა ლუდმილა დენისოვამ და იქვე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ საკითხებზე სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.