რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შვილები მივიდნენ.
მათ დღეს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა მამას შეხვდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცეს ამის საშუალება მე-10 დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდთ. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის არის, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს”, – განაცხადა შესვლამდე ედუარდ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტთან მისი ადვოკატები ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და გიორგი გელხაური იმყოფებოდნენ.
ბექა ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და მისი თქმით, ადამიანი რომელიც შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს.