LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

376
Untitled design

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ერევანში, სოციალური სამართლიანობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა „ერთობით სოციალური სამართლიანობისთვის“, მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას სოციალური სამართლიანობისთვის ერთობლივი ინიციატივების შესაქმნელად.

ღონისძიება, სომხეთის მთავრობის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური სამართლიანობის გლობალური კოალიციის ფარგლებში ტარდება და მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს მასპინძლობს. კონფერენცია სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა გახსნეს. 

მიხეილ სარჯველაძემ  დავოსის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ადამიანური ერთობის როლი სოციალური სამართლიანობის განმტკიცებაში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამები, მოიცავს, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ასევე „სოფლად სახლის“ პროგრამას. მისივე თქმით, 2027 წლისთვის დევნილი ოჯახებისთვის 6,000-ზე მეტი ბინა აშენდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დევნილთა განსახლების მიზნით 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„გარდა განსახლებისა, ღირსეული დასაქმებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება საარსებო მხარდაჭერის პროგრამები — მცირე ბიზნესის საგრანტო დაფინანსება, პროფესიული და გადამზადების კურსები და შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემა თვითდასაქმების ხელშესაწყობად. აღსანიშნავია, რომ პროგრამების ბენეფიციართა მინიმუმ 40% ქალია, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას.

როგორც საქართველოს მოქალაქეები, დევნილები სრულად არიან ინტეგრირებულნი ეროვნული განვითარების სტრატეგიებში, მათ შორის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამებში, დასაქმების სერვისებში და სოფლის განვითარების ინიციატივებში. დევნილები ასევე იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნება შეეძლებათ, ღირსეული საცხოვრებლითა და ყოვლისმომცველი სოციალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად დარჩება. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა მომავალ წლებშიც შეუქცევადად გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

პანელურ დისკუსიაზე, ასევე საუბარი შეეხო მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებს. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, წარმატებით ხორციელდება სპეციალური პროგრამები – პროფესიული გადამზადება, დასაქმების სერვისები, საზოგადოებრივი სამუშაოები და სოციალური დაცვის მექანიზმები – რომლებიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს შრომის ბაზარზე ჩართვისთვის და მხარს უჭერს მოქალაქეებს რეგიონულ დონეზე, რათა არცერთი ჯგუფი არ დარჩეს მიღმა.

magti 5g