თბილისში, 65 დევნილმა ოჯახმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები მიიღო. სახლის გასაღებები, მათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა.
მიხეილ სარჯველაძემ, ოჯახებს, ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დევნილთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მინისტრმა, ახალი ბინები, ოჯახებთან ერთად დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
თბილისში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ბინები, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, კერძო სამშენებლო კომპანიისგან შეისყიდა.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. ასევე – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, 11 კორპუსი შენდება თბილისში, სადაც ბინა 2 400 ოჯახს გადაეცემა.