საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 300 ლარის ოდენობით დახმარებას თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ. ამის შესახებ კახი კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებაში. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, 600-მდე მანქანა მუშაობდა დედაქალაქში.
„დახმარებების პაკეტში მიკროავტობუსების მძღოლებიც მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში. ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს, ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში. იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება, მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე. ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები. თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად
რაც შეეხება ანტიკრიზისული გეგმის იმ ნაწილს, სადაც საუბარია თვითდასაქმებულთა დახმარებაზე, შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.