LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ღიად ვისაუბრო იმაზე, რასაც 12 წელი გულში ვატარებდი. უშვილობა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ არის, ეს არის გრძელი გზა, სადაც ყოველ ნაბიჯზე ადამიანების დაუნდობელ დამოკიდებულებას ეჯახები…“ – 3 შვილის დედა, ნინო კვარაცხელია თავის რთულ გამოცდილებაზე

524
ნინო კვარაცხელია

ნინო კვარაცხელია, რომელიც 3 ბიჭის დედაა, უშვილობის თემაზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს და წერს, რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორი დამოკიდებულება და არასწორი კითხვებისგან თავის არიდება, რომლებსაც „ხალხისგან ნასროლ ნემსებად“ მოიხსენიებს.

გთავაზობთ უსაყვარლესი ბიჭუნების ახალგაზრდა დედის ნააზრევს ამ თემაზე:

„12 წელი მოლოდინში და ხალხისგან ნასროლი „ნემსები”.

მინდა, ერთხელ და ღიად ვისაუბრო იმაზე, რასაც 12 წელი გულში ვატარებდი. უშვილობა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ არის, ეს არის გრძელი გზა, სადაც ყოველ ნაბიჯზე ადამიანების დაუნდობელ დამოკიდებულებას ეჯახები.

„უი, ეს საწყალი უშვილოა…“, „ეს დედა ვერასოდეს გახდება…“ ეს სიტყვები ნემსივით გერჭობა გულში. ხალხი საერთოდ არ ფიქრობს შენს ტკივილზე. ისეთებიც იყვნენ, „ჭკუას რომ მარიგებდნენ“ და მირჩევდნენ: „არა უშავს, იქნებ ვინმე ნათესავმა გაგიჩინოს და ის გაზარდოო…“ თითქოს დედობა ასეთი მარტივი და სხვის იმედზე ყოფნა ყოფილიყოს.

ყველაზე მძიმე კი ექიმებისგან მოსმენილი უსამართლო დიაგნოზები იყო. სახეზე აკრული ცივი ღიმილით, ყოველგვარი ემოციის გარეშე გეუბნებოდნენ: „შვილი არ გეყოლება, მაგრამ არა უშავს, არსებობს სხვა გზები…“. მათთვის ეს უბრალოდ მორიგი შემთხვევა იყო, ჩემთვის კი სამყაროს ჩამოქცევა. იმდენად დამღალა სხვისმა ქილიკმა რომ როცა მეკითხებოდნენ, მყავდა თუ არა შვილი, უკვე „კის“ ვეუბნებოდი, ოღონდ ეს სტრესი თავიდან ამერიდებინა.

დღეს კი, როცა სამი შვილის დედა ვარ, ისევ გამოჩნდნენ „მცოდნეები“ ირონიული კითხვებით: „განა რამდენი უნდა გააჩინო?“. შენ 10-ზეც არ იტყვი უარს…

დასკვნა ერთია: ხალხი ყოველთვის იპოვის სალაპარაკოს, რადგან ენას ძვალი არ აქვს. უბრალოდ გთხოვთ სადაც თქვენი საქმე არ არის, იქ ნუ ჩაყოფთ ცხვირს!

ვინც ახლა ამ გზას გადის, მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ: აუცილებლად გათავისუფლდით ნეგატივისგან, გაასუფთავეთ თქვენი ქვეცნობიერი ზედმეტი ფიქრებისგან და დაინახავთ, რომ სასწაული მოხდება, თქვენ აუცილებლად გახდებით დედა! მე თქვენი მესმის და გულშემატკივრობთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g