“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით პროტესტს.
ამ თემაზე ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციაზე გამჟღავნებული გზავნილები ქვეყნის უკეთესი მომავლის წინააღმდეგაა მიმართული. “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის შეფასებით, „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზავნილი უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ ბრძოლაა.
ბოკერიას განცხადებით, ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის გარკვეული კორუფციული ინტერესი იყოს.
“გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი თავს ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების წინაშე, ანგარიშვალდებულად საერთოდ არ გრძნობენ. ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო, ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოკერიას შეფასებით, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად – ეს არის ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ და არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ. ბოკერიას აზრით, სწორედ ზემოხსენებული გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები.
“ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან განსხვავებულის, მეორე მხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისკენ სწრაფვის, რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი,” – თქვა ბოკერიამ.
მისი შეფასებით, ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობებს და ეს არის სამწუხარო ფაქტი.
მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც ამ მთავრობაზე საფუძვლიანად გაბრაზებულია – არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს – არ აუყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ, ამის გამოყენების,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
მისი შეფასებით, ეს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს არ მოიტანს. ბოკერიას განცხადებით, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის. ამასთან, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი მოქალაქისათვის.
“და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აუყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობები გამო, ქვეყნის მომავალი ეჭვის ქვეშ დააყენოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.